მორჩა, იაფი ტურიზმი აღარ არსებობს - მამუკა კელაურაძე
ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით, მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება, რადგან ვიზის მიღებაც დიდი სირთულეს არ უკავშირდებოდა, თუმცა, თუ ავიამიმართულებები დაემატება, ამან შესაძლოა, ტურისტულ სააგენტოებს გარკვეული ბიძგი მისცეს, აღნიშნავს მამუკა კელაურიძე.
„ჩინეთში ტურისტულად პრაქტიკულად არავინ დადის საქართველოდან. ერთ-ორი გამონაკლისი გარდა. ახლა შესაძლოა, ამან გარკვეული ბიძგი მისცეს ტურისტულ სააგენტოებს და თუ ჩინეთს მიმართულებით ბევრი ფრენა იქნება, მაგალითად, პეკინზე პირდაპირი რეისი, აზრი ჰქონდეს, რომ წაიყვანო ტურისტები. იქ მარტო კედელი ხომ არ არის, ბუნებაა საოცარი და უამრავი ტექნოლოგიური მიღწევები აქვთ, ბევრი რამეა სანახავი. მაგრამ ძალიან შორს არის, ბილეთი მაინც ძვირი იქნება და ადგილზეც, ვერ ვიტყვით, რომ იაფია ყველაფერი. მორჩა, იაფი ტურიზმი აღარ არსებობს, დამთავრდა, სამწუხაროდ. მანამდეც, ვიზის მიღება არანაირ სირთულესთან არ იყო დაკავშირებული. ანუ, ფაქტობრივად არაფერი იცვლება ამით“,- ამბობს მამუკა კელაურაძე.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს დააწესებს. მანამდე, გასული წლის სექტემბერში, საქართველომ დააწესა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა.