ტრაილერების მძღოლებისა და აუდიტის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
რა ხდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და ვისთან მიდის ტრაილერის მძღოლებისგან შავი სქემებით ამოღებული ფული - საკითხის მოკვლევა ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტმა დაიწყო.
დღეს მძღოლები უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ და 4 დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უბლოკავს მათ ნებართვების გაცემას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მუშაობის გაგრძელება მათ მხოლოდ შუამავლებისთვის ფულის გადახდის სანაცვლოდ უწევთ, რომლებიც გადამზიდავების ვარაუდით, კორუფციულ გარიგებაში არიან სახმელეთო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მძღოლები სააგენტოს უფროსის, ლევან გამყრელიძის გადადგმას ითხოვენ.
დღევანდელი შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ჯერჯერობით ისიც უცნობია, დაიწყებს თუ არა აუდიტი გამოძიებას, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანის პირობა მიიღეს.
იქამდე კი მძღოლები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ჟურნალისტური ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ ტრაილერის მძღოლებს არალეგალური სქემით, ფულის გადახდის სანაცვლოდ პირდებიან საგზურების პრობლემის მოგვარებას, რომელიც წესით სწორედ სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს მიერ უნდა გაიცემოდეს.
პირი, რომელიც გუშინ ჩვენს ჟურნალისტს საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე უფრო მაღალი ფასის გადახდის შემთხვევაში პირდებოდა ასეთ საგზურს, დღეს საპირისპიროს ამტკიცებს.