თეგებით ძიება

რუსთავში ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლისთავი აღნიშნეს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა და ქალაქის მერის მოადგილეებმა, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

,,საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მის მემორიალთან შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ჟიული შარტავა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. მას რუსთავის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის”, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა და სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

,,წარმოუდგენელია, რომ ამ თარიღს ემოციის გარეშე შეხვდე, რადგან ჟიული შარტავა და რუსთავი ცალკე თავია ჩვენი ქალაქის ისტორიის. ქართულ სინამდვილეში ჟიული შარტავა რუსთაველებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ყოველთვის იქნება ვაჟკაცობისა და უდრეკი სულის სიმბოლო“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ბადრი მაჭავარიანმა.

პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა