ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს, ყოველი რვა ადამიანიდან ერთი ჭარბწონიანია - ჯანმო
განახლებული კვლევით, მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება 220 მილიონზე მეტი ადამიანის შესახებ შესწავლილ მონაცემებს 190-ზე მეტ ქვეყანაში.
„ადამიანების განსაცვიფრებელი რაოდენობა ჭარბი წონით ცხოვრობს“, - აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორი, მაჯიდ ეზატი.
ჯანმოს კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა ჭარბი წონის მაჩვენებელი მსოფლიოში 1990 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა, ხოლო მოზარდების სიმსუქნის მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა.
კვლევის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში 8-დან ერთ ადამიანს ჭარბი ჭონა აწუხებდა. ამავე პერიოდში 18 წელზე მეტი ასაკის მოზრდილთა 43% იყო ჭარბწონიანი.
რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, კვლევის მიხედვით, ჭარბი წონა 37 მილიონ ბავშვს აწუხებდა. ხოლო 5-დან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონზე მეტი ბავშვსა და მოზარდს ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა.