„თბილისი პრაიდი“ მიმართვას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე მუშაობის დაანონსებიდან რვადღიანი დუმილის შემდეგ „თბილისი პრაიდი“ პირველ მიმართვას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გამარჯვება გააზრებული, მშვიდი ნაბიჯებით, კრიტიკულ დროს ძალების გაერთიანებით და სწორ დროს გამბედავი ქმედებებით მიიღწევა. ერთ მხარეს ვდგავართ მოქალაქეები, ვისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებულია, აქტივისტები, უფლებადამცველები, ხელოვანები და მთელი სამოქალაქო საზოგადოება. მეორე მხარეს კი კომფორტულ სავარძლებში მოკალათებული ადამიანები, რომელთაც რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა, ჩვენგან მტრის ხატის გამოყვანა და საზოგადოების დაყოფა განუზრახავთ. ჩვენ ვართ გრძელვადიან, წინააღმდეგობებით სავსე ბრძოლაში. წარმატება კი მხოლოდ ერთიანობით, თანმიმდევრულობით, მობილიზებითა და სტრატეგიული მოქმედებებით მიიღწევა. აღმაფრთოვანებელია თითოეული ჩვენგანის მზადყოფნა, ჩავერთოთ ჩვენი თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში და მტკიცედ დავდგეთ საერთო მიზნის ირგვლივ. ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვისმენთ, ჩვენ ვერთიანდებით. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, - ნათქვამია განცხადებაში.