ჯანდაცვის მინისტრად არ ვინიშნები, არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება - ზვიად ყიფიანი
კლინიკა ჯერარსის კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მას ჯანდაცვის მინისტრად წარადგენს.
"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და ახლობლებო, მინდა გითხრათ რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება, დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის" - წერს ყიფიანი.
ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც უარყო.
"ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერმინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი“,- მიმართა მდინარაძემ მთავარ არხს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. 5 მარტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს გასული კვირის ბოლომდე დაასახელებდა. მანვე ყოფილ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზურა აზარაშვილმა "ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა.
"იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს" - ამბობდა კობახიძე.