ინდონეზიელ პილოტებს მართვისას ჩაეძინათ, რის გამოც თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია
ინდონეზიის ავიაკომპანია Batik Air-ის ორივე პილოტს ფრენის დროს ნახევარი საათის განმავლობაში ეძინა, რის გამოც თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია. საქმეს ახლა ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრო იძიებს.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორის, კრისტი ენდა მურნის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო Antara ავრცელებს. განცხადების თანახმად, მთავარ პილოტს და მის დამხმარე პილოტს კენდარიდან დედაქალაქ ჯაკარტაში ფრენისას ერთდროულად 28 წუთის განმავლობაში ჩაეძინათ, რამაც ნავიგაციური შეცდომები გამოიწვია და თვითმფრინავმა მარშრუტიდან გადაუხვია.
ბორტზე მყოფი 153 მგზავრი და ოთხი ბორტგამცილებელი უვნებელია და არც თვითმფრინავი დაზიანებულა, ნათქვამია წინასწარ დასკვნაში.
სააგენტოს თქმით, რეისზე ფრენა ორი საათი და 35 წუთი გაგრძელდა და თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა ჯაკარტაში.
როგორც მოხსენებაში ვკითხულობთ, ფრენის დღეს, დამხმარე პილოტმა მთავარ პილოტს აცნობა, რომ წინა ღამით საკმარისად არ დაუსვენია, რის გამოც, მთავარმა პილოტმა მას 30 წუთით გამოძინების ნებართვა დართო. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საკრუიზო სიმაღლეს მიაღწია, მთავარმა პილოტმა თავის დამხმარეს სთხოვა, ჩაენაცვლებინა, რათა მასაც დაესვენა. დაახლოებით 90 წუთის შემდეგ დამხმარე პილოტსაც ჩაეძინა, რის შედეგადაც თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია.
ფრენისას ჯაკარტას კონტროლის ცენტრი თვითმფრინავთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მათ პასუხს არავინ სცემდა. დაახლოებით 28 წუთის შემდეგ, მთავარმა პილოტმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ თვითმფრინავი დაშვების გზას ასცდა.
მოხსენებაში ნათქვამია ისიც, რომ დამხმარე პილოტს, რომელიც 28 წლისაა, ერთი თვის ტყუპები ჰყავს და წინა ღამით რამდენჯერმე მოუწია გაღვიძება, რომ ცოლს ჩვილების მოვლაში დახმარებოდა.
წყარო: ამბები.გე