ცხოველთა უფლებადამცველები მეღორეობის აკრძალვას ითხოვენ
ცხოველთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა ირლანდიაში მეღორეობის აკრძალვა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მოიპოვეს კადრები ორი ფერმიდან, სადაც, მათი განცხადებით, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობაა ასახული.
ცხოველთა უფლებების დაცვის ეროვნულმა ასოციაციამ (NARA) და ორგანიზაცია „Animal Rebellion Ireland“-მა განაცხადეს, რომ ეს კადრები იანვარში ირლანდიის მეღორეობის ორ ფერმაში ფარულად არის ჩაწერილი.
კადრებში ნაჩვენებია დედა ღორები, რომლებიც გალიებში ისე არიან გამომწყვდეულნი, რომ გოჭების კვების დროს მოძრაობა თითქმის მთლიანად ეზღუდებათ და მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილზე მიტრიალების ან გადაადგილების საშუალება აქვთ.
ვიდეო ასევე შეიცავს ავადმყოფი ღორების კადრებს, რომელთაგნა ზოგს ღია ჭრილობები ეტყობა, ასევე ჩანან კუდმოჭრილი ან კუდდამოკლებული ცხოველები, რაც უკანონო პრაქტიკაა (თუმცა დასაშვები შემთხვევებიც არსებობს).
ცხოველთა უფლებების დაცვის ეროვნულმა ასოციაციის პრესმდივნის, ლორა ბროქსონის თქმით, ვიდეოზე აღბეჭდილი კადრები ცხოველების მიმართ ძალადობას ადასტურებს. ამიტომ, NARA-ს სპიკერი მეღორეობის დარგის გაუქმების მოწოდებით გამოდის.
„ძაღლები ან კატები რომ იყვნენ ასეთ პირობებში, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას როგორი საყოველთაო აღშფოთება, სამართლებრივი დევნა და საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვებოდა, ცხოველებისთვის ასეთი პირობების აკრძალვის მოთხოვნით“, – აცხადებს ბროქსონი.
„მეღორეობა არის სისაძაგლე, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას… ჩვენ არ გვსურს ცხოველების დახოცვა იმისთვის, რომ ვიკვებოთ“.
ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ კადრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე გადასცეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
წყარო: Nostal.ge