თეგებით ძიება

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტმა 3 "დეპუტატისთვის" რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა ვერ განიხილა

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტის სხდომა, სადაც სამი "დეპუტატისთვის" რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უნდა განეხილათ, ჩაიშალა. სხდომაზე ე.წ. პრეზიდენტი არ მივიდა, რის გამოც, "გაერთიანებული ოსეთის" ოპოზიციონერებმა სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

„ოთხი მოწვეულიდან - პრეზიდენტი (ალან) გაგლოევი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი - მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. დანარჩენი მოწვეულები არ გამოჩენილან. პარტია „ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენლემა უარი თქვეს სხდომას დასწრებოდნენ იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტი არ მოვიდა, ამ საკითხზე ბევრი კითხვა ჰქონდათ მასთან და ამიტომ არც ისინი მოვიდნენ. სხდომა არ შედგა“, - განაცხადა ე.წ. პარლამენტის წევრმა დავით სანაკოევმა.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" -გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ. მიზეზად სახელდება "ქმედებები, რომლებიც იწვევს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან". თუმცა რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არ არის. ცნობილია, რომ სამივე "დეპუტატი" საქართველოსთან "სახელმწიფო საზღვრის დადგენას" ითხოვს.

მულდაროვი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის "საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა". სანაკოევი "რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია" და 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მასზე დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ორივე "დეპუტატი" იყო "პრეზიდენტობის" კანდიდატიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა