პოლონეთში როზეტა ყალიჩავას მკვლელობისთვის მის ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
პოლონეთში როზეტა ყალიჩავას მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას საფარი ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი.
გარდა ამისა, დამნაშავეს როზეტას არასრუწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით. ბავშვები ახლა საქართველოში, ბებიასთან იმყოფებიან.
2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და საქართველოს საელჩო პოლონეთში, რომელთა ჩართულობითაც პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაეწყოთ ოჯახში სისტემატური ძალადობის საქმის გამოძიება, ხოლო თარჯიმნის მომსახურებას საელჩო უზრუნველყოფდა. მიუხედავად საფარის აქტიური ჩართულობისა და დაუყონებლივი მოქმედების მოთხოვნისა, სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, ქალზე სისტემატურად მოძალადე კაცის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და პოლონეთის საგამოძიებო ორგანო კაცისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებით შემოიფარგლა. შედეგად, კაცი სახლში დაბრუნდა და, 2022 წლის 24 მაისს, ქალი სახლში მარტო ყოფნის დროს მოკლა შემდეგ კი, კვალის დასაფარად, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა.
საფარი დაუკავშირდა პოლონეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას – Helsinki Foundation for Human Rights, რომელთან ერთადაც, ადვოკატ იაროსლავ იაგურას წარმომადგენლობით, პოლონეთის პროკურატურასა და ლოძის რაიონულ სასამართლოში აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს. დედის გარდაცვალების შემდეგ, როზეტას სამი მცირეწლოვანი შვილი საფარის იურისტის, თამარ ლუკავას ხელმძღვანელობით, საქართველოში, როზეტას დედის ოჯახში დაბრუნდა და ამჟამად საფარის იმერეთის იურისტი, სალომე სალდაძე მუშაობს იმაზე, რომ ბავშვებზე მეურვეობის უფლება ბებიამ მიიღოს.
2024 წლის 6 მარტს, ლოძის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე როზეტას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრუწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით.
საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, საქმე დასრულებული არ არის და ამჟამად, Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად გრძელდება მუშაობა ბავშვებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე," - წერია განცხადებაში.