თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას არ უნდა ვუყუროთ ისე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს. ის წიგნიერი, განათლებული ადამიანია, მას ვენდობი - გედევან ფოფხაძე

რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, მე ნიკა გვარამიას ვენდობი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების - „ახალი“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა.

„ვინც ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქტიურობას თვალს ადევნებდა, მათთვის ჩემი „ახალში“ გაწევრიანება მოულოდნელი არ იქნებოდა. მე და ნიკა გვარამია კურსელები ვართ, „რა? სად? როდის?“ - ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვითამაშეთ.

რაც შეეხება პოლიტიკას, რაღაც მომენტში, მე და ნიკას განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფია გვქონდა, მაგრამ პერსონალური მეგობრობა არ შეგვიწყვეტია.

ქვეყანას, გაერთიანების გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვს. არჩევნები, რომელიც წელს ჩატარდება, ისტორიულია. შანსია საზოგადოებისთვის, რომ ევროპული მომავალი დაიცვას. მე ძალიან გაწბილებული ვარ იმით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. მანამდე არსებული 9 წელიც სათავისოდ გამოიყენა, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები თავის იარაღად აქცია.

ამ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ ძალები არ გავაერთიანეთ, ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ. ნიკა გვარამიას არ უნდა ვუყუროთ ისე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს. ის წიგნიერი, განათლებული ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის კარგი აკეთოს. მეც მაქვს ჩემი წარსული, რომელსაც ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ იმ პოლიტიკური შეცდომების გამო, რომელთა თანაზიარიც გავხდი, სახლში უნდა წავიდე. ჩემი აზრით, მეტი ვალდებულება მაქვს, რომ აქტიური ვიყო და სამოქალაქო პოზიცია მქონდეს.

მე ნიკა გვარამიას ვენდობი. ვისაც გამარჯვება და ცვლილებები უნდა, მჯერა, რომ ის ამომრჩეველი ჩვენს პარტიაში მიზიდულობის ძალას დაინახავს, რადგან ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ გვინდა, გვინდა გამარჯვება იმისთვის, რომ საქართველო ისტორიის არასწორ მხარეს არ ჩარჩეს. ახლა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არასწორ მხარესაა, რაც ჩვენმა და ჩემმა შეცდომებმაც განაპირობა. მგონია, რომ ერთიანობა მთავარი ნაწილია იმ ფორმულის, რასაც გამარჯვება ჰქვია. ამისთვის უნდა ვიმუშაოთ““, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა