თეგებით ძიება

ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა-დავით ბერძენიშვილი

ყველა კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტი რეალურად დე ფაქტო კოალიციური პლატფორმაა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა: ნიკა მელიას მიერ დაანონსებული პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, ასევე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პლატფორმები.

ბერძენიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ ხმა მისცეს ბარიერის უცილობლად დამძლევ ძალებს.

„ოპოზიციური ამომრჩევლის რეალური ორიენტირი მხოლოდ ოთხი საარჩევნო პლატფორმაა:

N4( მელიას მიერ დაანონსებული პლატფორმა),

N5( სააკაშვილის პლატფორმა),

N9(ხაზარაძის პლატფორმა),

N25(გახარიას პლატფორმა).

ამ ოთხიდან რომელიმეში უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი იმ ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებიც, წინასწარ ცნობილია, რომ 5 პროცენტიან ბარიერს( 100 000 ხმა) ვერ დაძლევენ. ამასთანავე, მათით გაძლიერება აუცილებლად დასჭირდებათ ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმების ლიდერებს - ოპოზიციური ამომრჩევლის სრულად მობილიზებისა და კვალიფიციური სახელისუფლებო კოალიციის შესაქმნელად.

სინერგიის დროა. მილიონი ბარიერგადალახული ხმა იგებს არჩევნებს.

5 პროცენტთან ახლოს მყოფი რომელიმე სუბიექტის ბარიერს ქვევით დარჩენა ნიშნავს უმცირესობის ხმებით ამ ხელისუფლების უმრავლესობაში დატოვებას. ეს სულ უნდა გვახსოვდეს.

მიზანმიმართულად დაბალი, ერთპროცენტიანი ფინანსური ბარიერის დასაძლევად - წელიწადში მინიმუმ 300 ათასი ლარის ბიუჯეტიდან მისაღებად ხელისუფლების წახალისებით საბალახოდ გამოშვებული ფსევდოოპოზია(თავისი, არსებითად პროსახელისუფლებო ბაქი-ბუქით, რომ დამოუკიდებლად გადალახავენ ბარიერს) უნდა გავანულოთ.

პოლიტიკური ოპოზიციის, მედიის, ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტების და დემოკრატიული რესურსის ყველა სხვა შემადგენლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ ხმა მისცეს ბარიერის უცილობლად დამძლევ ძალებს - რომელიმეს ამ ოთხიდან.

ყველა კონკურენტუნარიანი საარჩევნო სუბიექტი რეალურად დე ფაქტო კოალიციური პლატფორმაა“,-აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა