პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი დედაზე სახალისო ისტორიას იხსენებს-" ჩამოჯდა საფლავთან დამონტაჟებულ მაგიდასთან, ამოალაგა პურმარილი, დაისხა ღვინო, შესანდობარი თქვა..."
სოციოლოგიის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა 3 მარტს, საკუთარ ფეისბუქზე დედაზე სახალისო ისტორია გამოაქვეყნა:
"დედის დღეა და დედაჩემზე ერთი სახალისო ისტორია მინდა მოვყვე. თავად როცა ყვებოდა ამ ნამდვილ ამბავს, დამსწრეებს მუცელი ხელით ეჭირათ სიცილისგან.
ერთ მშვენიერ წელს, აღდგომას, მოხდა ისე, რომ მე ამერიკაში მომიწია ყოფნა, ჩემი დაც სადღაც იყო წასული და დედაჩემს მარტო მოუწია მამაჩემის საფლავზე გასვლა (რაც მანამდე არასდროს მომხდარა). წესისამებრ, ჩაალაგა პურმარილი ჩანთაში (ღვინოც, რა თქმა უნდა) და წავიდა სასაფლაოზე. მუხთალი წუთისოფლის ამბავია, რომ სასაფლაო ყველა სხვა გეოგრაფიულ ადგილზე უფრო სწრაფად ფართოვდება. ჰოდა, სასაფლაოზე მისულ დედაჩემს გზა-კვალი აერია და მამაჩემის საფლავს ვერ მიაგნო. ბევრი ეძება, მაგრამ ამაოდ. რა უნდა ექნა? არ უნდოდა, ეს სანოვაგე უკან წამოეღო. ჰოდა, ასეთი რამ მოიფიქრა: საფლავების თვალიერება დაიწყო და გადაწყვიტა, რომელი საფლავის ქვაზე გამოსახული მამაკაცის პორტრეტიც იქნებოდა მისი მეუღლის სახის სადარი, იქ დატოვებდა პურმარილს.
გაუმართლა - მალე იპოვა კაცის საფლავი, მთლად ამ კაცის ბიუსტით და, რაც მთავარია, ეს ბიუსტი მამაჩემს ძალიან ჩამოჰგავდა თურმე. ჩამოჯდა საფლავთან დამონტაჟებულ მაგიდასთან, ამოალაგა პურმარილი, დაისხა ღვინო, შესანდობარი თქვა, კვერცხები საფლავზე გადააგორა, ღვინო საფლავს მოასხა და ფიქრებს მიეცა... ცოტა ხანში საფლავს მოადგა შავებში ჩაცმული ერთი ქალი, არასრულწლოვანი შვილებით. დედაჩემი და გაშლილი პურმარილი რომ დაინახა, რისხვით აენთო და დედაჩემი, აღდგომის მადლის გათვალისწინების გარეშე, უსასტიკესად გამოლანძღა. ამ ჩხუბის მთავარი ლაიტმოტივი ასეთი იყო: ქმრის სიცოცხლეში ხომ გამიმწარე ცხოვრება და მისი სიკვდილის შემდეგაც არ მანებებ თავსო.
დედაჩემი ამბობდა მერე: დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც დაიჯერებდა სიმართლეს, რომ უცხო კაცის საფლავზე იმიტომ მოვხვდი, საკუთარი ქმრის საფლავი ვერ მოვძებნეო.
ასეა, ზოგჯერ სიმართლე ყველა ტყუილზე უფრო არადამაჯერებლად გამოიყურება!"