ევროპაში, შავი ჭირისგან დაღუპული ადამიანების, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი სამარხი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ შავი ჭირისგან დაღუპული ადამიანების სავარაუდოდ ყველაზე დიდი სამარხი აღმოაჩინეს ევროპაში.
გათხრები ახლაც გრძელდება. ამ მომენტისთვის არქეოლოგებმა 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთებს უკვე მიაკვლიეს. მეცნიერების აზრით, აქ 1 500-ზე მეტი ადამიანი იყო დამარხული.
ზუსტი დათარიღება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ პირველადი კვლევები მე-17 საუკუნის პირველ ნახევარზე მიანიშნებს. ზოგიერთი ძვალი მწვანე ფერისაა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ადგილი ახლომდებარე სპილენძის ქარხნის ნარჩენების ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა.
შავი ჭირი მსხვერპლთა ძვლებზე თვალსაჩინო კვალს ნაკლებად ტოვებს, ამიტომ შემდეგი კვლევებიც იქნება საჭირო. თუმცა, შავი ჭირის ნიშნები ანთროპოლოგებმა დაღუპულების ძვლებზე უკვე გამოარჩიეს.