თეგებით ძიება

ქედაში დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის 15 წლის დისშვილის სექსუალურად ავიწროებდა

ქედაში დააკავეს კაცი, რომელიც მეუღლის 15 წლის დისშვილის სექსუალურად ავიწროებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "აჭარათაიმსი" ავრცელებს. გამოცემას ანონიმური წყარო უყვება, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.

"კაცი მეუღლის დისშვილთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა. ავიწროებდა მუდმივად, რის გამოც გოგო სახლიდან ხშირად გარბოდა, მათ შორის სცადა თვითმკვლელობაც. ძალადობის მსხვერპლმა მოზარდმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა. დეიდა არასრულწლოვანს ტყუილსა და ფაქტის გაზვიადებაში ადანაშაულებდა. გოგო ცემის შემდეგ გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა.

ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გათავისუფლეს," - განაცხადა ანონიმურმა წყარომ გამოცემასთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასრულწლოვანზე ახლა ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს. ბრალდებულების ოჯახის წევრები არასრულწლოვანს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი მის დასთან ჰყავს დატოვებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა