არ გავჩერდებით! პოლონეთსაც ვუჩივლებთ სტრასბურგის სასამართლოში! - ბაია პატარაია
ორგანიზაცია საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პოლონეთში მოკლული როზეტა ყალიჩავას შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. პატარაიას თქმით, ორგანიზაცია პოლონელი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომელთა გულგრილობამ ტრაგიკული შედეგი დააყენა.
პოლონეთში რომ როზეტა მოგვიკლეს, რომლის დახმარებას აქედან ვცდილობდით საფარი • Sapari და საქართველოს პოლიციის ატაშე. იქაურმა პოლიციამ ქმარი კი დააკავს და მერე რატომღაც გამოუშვეს და არ შეიძლებოდა იმ კაცის გაშვება! ეს დამპალი მკვლელი მივიდა, ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით - პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა მკვლელი.
აბა, მითხარით ფემიციდის საქმე, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მკვლელს საქართველოში? ვერ მეტყვით! ჩვენ სასამართლოს ფემიციდი არ ჰგონია საკმარისად მძიმე დანაშაული, საკმარისია ნაძირალა მკვლელმა დააყრანტალოს, ვაღიარებ რომ მოვკალი და ვნანობო - ეგრევე აღარ განიხილება სამუდამო პატიმრობა… ჩვენი სასამართლოს დიდი სირცხვილია ეს ვიწრო ხედვა!
რაც შეეხება საქმეს, აქ არ გავჩერდებით, სანამ იმ პოლიციელებს არ დასჯიან, რომელთა გულგრილობამაც ეს ტრაგიკული შედეგი დააყენა, იქამდე ვიბრძოლებთ და პოლონეთსაც ვუჩივლებთ სტრასბურგის სასამართლოში!
ეს არის ყველაზე ტრავმული და მძიმე გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის და ზუსტად ვიცით, რომ საქართველოში შევძლებდით მის გადარჩენას, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან გვიჭირს ქალი ემიგრანტების შველა…
ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როზეტას შვილებისთვის კომპენსაცია რეალურად მოვიპოვოთ და ბავშვებს პურის ფული მაინც ჰქონდეთ - წერს პატარაია.
ცნობისთვის, პოლონეთში, ქართველი ქალის, როზეტა ყალიჩავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ლოძის რაიონულმა სასამართლომ 6 მარტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, მას როზეტა ყალიჩავას არასრულწლოვანი შვილებისთვის დაახლოებით 50 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა.