დააკავეს კაცი, რომელიც ცოლის 15 წლის დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა - რა მოხდა აჭარაში?
ბათუმში დააკავეს კაცი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ცოლის არასრულწლოვან დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა. ინფორმაცია tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Ajara Times-მა გაავრცელა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დეიდას უამბო, რომელიც გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა.
"გოგო ცემის შემდეგ, გაიქცა სახლიდან და პოლიციაში უჩივლა. ვიდრე პოლიცია რეაგირებას მოახდენდა, 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ შეყვარებულსაც უამბო, ამ უკანასკნელმა კი სექსუალურად მოძალადე კაცთან გასაუბრება სცადა, რაც გოგოს შეყვარებულის დაჭრით დასრულდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი პოლიციამ დააკავა, თუმცა ქალი გირაოს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს", - უთხრა გამოცემას წყარომ.
წყაროს ცნობით, ამჟამად არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ბრალდებულის ოჯახის წევრები მას გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შეცვლას აიძულებენ. წყაროს ინფორმაციით, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაშია, შვილი კი დასთან ჰყავს დატოვებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.