შერონ სტოუნის აღიარება 31 წლის შემდეგ
შერონ სტოუნმა საბოლოოდ მაინც გაამჟღავნა იმ პროდიუსერის სახელი, რომელმაც მას კოლეგა მსახიობთან სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულა. მსახიობმა გაამხილა, რომ ეს პროდიუსერი რობერტ ევანსი იყო, ისტორია კი 1993 წელს ფილმ "ვერცხლის" გადაღებებს ეხებოდა. მისი თქმით, პროდიუსერმა მსახიობს კოლეგა ბილ ბოლდუინთან დაწოლა იმიტომ აიძულა, რომ გარკვეული სცენები ფილმში უფრო რეალისტური ყოფილიყო.
"მან თავის კაბინეტში დამიბარა. მზის სათვალეები ეკეთა და წინ და უკან დადიოდა. თან მიხსნიდა, რომ მას ავა გარდნერთან ეძინა, მე კი ბილი ბოლდუინთან უნდა დავწოლილიყავი. მარწმუნებდა, რომ თუ ბილისთან სექსი მექნებოდა, ბილი როლს უკეთესად შეასრულებდა. ისიც თქვა, რომ ჩვენ ბილი გვჭირდებოდა, რათა ფილმი უკეთესი გამოსულიყო",- ყვებოდა შერონ სტოუნი "ლუი თეროს" პოდკასტში.
პროდიუსერი შერონს არწმუნებდა, რომ თუ ბოლდუინთან სქესობრივ კავშირს დაამყარებდა, წყვილს ეკრანზე უკეთესი ქიმია ექნებოდა, რაც ფილმს "გადაარჩენდა".
შერონ სტოუნმა ეს ისტორია საჯაროდ პირველად თავის 2021 წლის მემუარებში გააზიარა, მაგრამ კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია. მემუარებში მსახიობმა ისიც აღიარა, რომ კინორეჟისორებმა მის რჩევას არ მოუსმინეს და ისე შეურჩიეს ფილმ "ვერცხლში" მეწყვილე: "მაიკლ დუგლასთან საერთოდ არ მჭირდებოდა სექსის ქონა. მაიკლი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. ახლა კი ისეთ ხალხთან მოვხვდი, ვინც კოლეგებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდა",- წერდა სტოუნი.
"ფიქრობ, მასთან თუ დავწვები კარგი მსახიობი გახდება? მათ შეეძლოთ უფრო ნიჭიერი მსახიობი ეპოვათ, ისეთი, ვისაც სცენის გადმოცემა და საკუთარი სტრიქონების დამახსოვრება შეეძლო. ჩემი პროფესია თამაშია და სწორედ ეს ვუპასუხე".