თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

გარდაცვლილი იპოვეს Boeing-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის წარმოებას აკრიტიკებდა

სამხრეთ კაროლინას ხელისუფლების ცნობით, Boeing-ის ყოფილი თანამშრომელი, ჯონ ბარნეტი, რომელიც კომპანიის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდა, მკვდარი იპოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 62 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. ჩარლსტონის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა. მათივე თქმით, ჩარლსტონის პოლიცია აგრძელებს საქმის გამოძიებას. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

BBC-ის ცნობით, ბარნეტი Boeing-ში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა და მან კომპანია 2017 წელს დატოვა. მისი ადვოკატების, რობერტ ტურკევიცისა და ბრაიან ნოულზის ინფორმაციით, ბარნეტი Boeing-ის წინააღმდეგ ე.წ. მამხილებლისთვის სამაგიეროს გადახდის საქმეზე ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემის პროცესში იყო ჩართული.

"ბრძოლის ხასიათზე იყო და ნამდვილად მოუთმენლად ელოდა, როდის ჩააბარებდა ამ ეტაპს წარსულს და ცხოვრებას გააგრძელებდა. ჩვენ არ შეგვიმჩნევია იმის რაიმე ნიშანი, რომ თავს მოიკლავდა. ვერავინ ვიჯერებთ ამას". - თქვეს ადვოკატებმა.

ბარნეტი Boeing-ში ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ადვოკატების თქმით, მან "Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებით უსაფრთხოების ძალიან სერიოზული პრობლემები გამოააშკარავა" საპასუხოდ კი კომპანიამ მას მტრული სამუშაო გარემო შეუქმნა.

ბარნეტის სიკვდილს გამოეხმაურა Boeing-იც. კომპანიამ განცხადებაში ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

ბარნეტი Boeing-ის თვითმფრინავებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე მედიასაშუალებებს 5 იანვარსაც ესაუბრა, მას შემდეგ, რაც კომპანიის 737 MAX 9 თვითმფრინავმა ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა.

ინციდენტის შემდეგ Boeing-ის თვითმფრინავების უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო აშშ-ს რეგულატორებმა კომპანიას წარმოება შეუზღუდეს, რამაც ინდუსტრიაში მიწოდების სერიოზული პრობლემა გააჩინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა