თეგებით ძიება

ომბუდსმენი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

ომბუდსმენის აპარატი მისივე თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ლევან პაპავას განცხადებები მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვას ემსახურება:  

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას. 

სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და  სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ. 

რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ. 

ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. 

ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას." ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველს თანამშრომელი უჩივის. ლევან იოსელიანის წინააღმდეგ  თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მოქმედმა თანამშრომელმა შეიტანა და  განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ლევან პაპავა ომბუდსმენის  აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ ის  უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა რეაგირების გარეშე დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა