რიო დე ჟანეიროში კაცმა ავტობუსი გაიტაცა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა
რიო დე ჟანეიროში კაცმა ავტობუსი გაიტაცა და ავტობუსში მყოფი 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდასხმამდე კაცმა ავტობუსის გაჩერებაზე ორ გამვლელს ესროლა. სამი საათის შემდეგ კაცი პოლიციას ჩაბარდა.
თავდამსხმელის სახელი და გვარი რიო დე ჟანეიროს პოლიციას ჯერ არ გაუსაჯაროებია. 13 მარტს საქალაქთაშორისო ავტობუსი სადგურზე იყო გაჩერებული, როდესაც შეიარაღებული თავდამსხმელი ავიდა და მგზავრები მძევლად აიყვანა.
რიო დე ჟანეიროს პოლიციის პრესსპიკერის მარკო ანდრადეს თქმით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და არავინ გარდაცვლილა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი აქამდე სხვა დანაშაულებში ბრალდებული იყო და პოლიცია მას ეძებდა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელს სწორედ გატაცებული ავტობუსის საშუალებით რიო დე ჟანეიროდან გაქცევა სურდა.