ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ე.წ. ვეტინგის სისტემის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.
„მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად როგორც კეთილსინდისიერება, ასევე კვალიფიციურობა არის საკანონმდებლო მოთხოვნები, წინა წლებში განვითარებულმა პროცესებმა, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ აჩვენა, რომ მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში ამ კრიტერიუმებს ან ვერ აკმაყოფილებენ, ან ხარვეზით წარიმართა თავად პროცედურა. თუ სასამართლოში არ არსებობს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის პრობლემა, მაშინ მით უმეტეს, მათ არ ექნებათ პრობლემა, ხელახლა გაიარონ შესაბამისობის შემოწმება“, - აღნიშნა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ.