ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა.
"თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ის შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი", - წერია რეზოლუციაში.
ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განიხილავს განაცხადის შეტანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - რაც კიდევ ერთი ნიშანია ერევნის მცდელობისა დისტანცირდეს ტრადიციული მოკავშირე რუსეთისგან.
"სომხეთში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ბევრი ახალი შესაძლებლობის განხილვა, და საიდუმლოს არ გავთქვამ, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს იდეა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანებას", - უთხრა მირზოიანმა თურქეთის საერთაშორისო ტელეარხს, TRT-ს, ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის პარალელურად.