თეგებით ძიება

სასამართლომ იმედა დარსალიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს, იმედა დარსალიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარი უთხრა.

იმედა დარსალია საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზურისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ბრალდებას უყენებდა.

მან ე.წ. შავ სიებზეც ისაუბრა და დაბლოკილი რესპონდენტების გვარები გაასაჯაროვა, რომელიც მისივე თქმით, პირველ არხზე არსებობდა

რაც შეეხება სარჩელს, საზმაუს ცნობით, დარსალია მოითხოვდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, წამყვანის პოზიციაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია – იმედა დარსალიას, როგორც დასაქმებულის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ვალდებულებათა უხეშ დარღვევას; მოცემულ შემთხვევაში, იმედა დარსალიას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანის მხრიდან, მის საქმიანობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც საკითხის მოკვლევის ფარგლებში ვერ მოხდა, ერთმნიშვნელოვნად ზიანის მომტანი იქნებოდა პირველი არხის რეპუტაციისთვის.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიაორგანიზაციების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მედია თავისუფლების ფარგლებში თითოეული მაუწყებელი თავად განსაზღვრავს ამ მხრივ სტრატეგიას და შესაბამისად, იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც მედიის გადაწყვეტილებით ქმნის იურიდიული პირის საქმიან რეპუტაციას. ამ მიზნის მისაღწევად კანონი მაუწყებელს სწორედ ამ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით აძლევს შესაძლებლობას, დააწესოს კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც აკისრიათ მომეტებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და აღნიშნული არ წარმოადგენს დისკრიმინაციას“.

სასამართლოს შეფასებით, იმედა დარსალიას ვალდებულებას წარმოადგენდა, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დაედასტურებინა მტკიცების მაღალი სტანდარტით, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის უტყუარობაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, იმედა დარსალიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე არ დასტურდება, მისი მხრიდან გავრცელებულმა, ფაქტებით დაუდასტურებელმა ინფორმაციამ კი ერთმნიშვნელოვნად გამოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია.

საბოლოოდ, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ფაქტს, რომ იმედა დარსალიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორი, დაუდასტურებელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმედა დარსალიას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს და მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე." ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა