მსოფლიოში პირველი ღიად გეი ფეხბურთელი სტადიონზე დაინიშნა
ჯოშ კავალომ სამი წლის წინ ისტორია დაწერა: ავსტრალიელი სპორტსმენი პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელიც გეიდ დაქამინგაუთდა. A-ლიგის საფეხბურთო კლუბის, ადელაიდ იუნაიტედის, ნახევარმცველის ამ გაბედულ ნაბიჯს მაშინ თანაგუნდელების, ცნობილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ფანების მხარდასაჭერი განცხადებები მოჰყვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი კავალო უკვე თავის პარტნიორზე, ლეიტონზე, დაინიშნა. ადგილი სიმბოლური იყო: ჯოშმა ლეიტონს ადელაიდ იუნაიტედის სტადიონზე სთხოვა ხელი.
ინსტაგრამზე გავრცელებულ განცხადებაში კავალომ თავის გუნდსაც გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის და ხელის თხოვნის ორგანიზებაში დახმარებისთვის.
"თქვენი უსაზღვრო მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს", — აღნიშნა ფეხბურთელმა, — "თქვენ ფეხბურთში ისეთი უსაფრთხო სივრცე შემიქმენით, როგორსაც ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. თქვენ მხარს მიჭერდით, რომ ყოველი დღე ჩემი ნამდვილი იდენტობით მეცხოვრა".
კავალომ ნიშნობაზე მილოცვებიც მიიღო. მისი კლუბის მწვრთნელმა, კარლ ვერტმა, ჯოშს ბედნიერება უსურვა.
"ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარია, რომ გუნდის წევრებმა ფეხბურთით ისიამოვნონ", — აღნიშნავს ვერტი.
მხარდაჭერის მიღებასთან ერთად, დაქამინგაუთების შემდეგ კავალოს ჰომოფობიურ განწყობებთან გამკლავებაც მოუწია.
"თავს არ მოვიკატუნებ, თითქოს ვერ დავინახე ან ვერ გავიგონე ჰომოფობიური შეძახილები გუშინდელ თამაშზე", — დაწერა კავალომ 2022 წელს მორიგი მატჩის შემდეგ, — "სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი. ეს მიუღებელია და მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
"სიძულვილი ვერასდროს გაიმარჯვებს. არასდროს მოვიბოდიშებ სიმართლეში ცხოვრებისა და იმისთვის, ვინ ვარ მოედნის გარეთ".
საკუთარი თავის დაცვასთან ერთად, კავალო ლგბტქ უფლებების აქტიური ქომაგიც გახდა. სხვადასხვა კამპანიაში მონაწილეობის გარდა, 2022 წელს მან დაუფარავად გააკრიტიკა FIFA, როცა მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ჩატარდა — ქვეყანაში სადაც ქვიარ ურთიერთობებიც კი კანონით იკრძალება.
View this post on Instagram