ნინო წილოსანი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 68-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 68-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ-იორკში იმართება.
აღნიშნული სესიის ფარგლებში 14 მარტს თაობათა თანასწორობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლიდერი ქალი პარლამენტარები. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სიღარიბის ფემინიზაცია“ და ანგარიშვალდებულებების მართვა ქალთა ეკონომიკური სამართლიანობისთვის და ქალთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად.
შეხვედრაზე თაობათა თანასწორობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ანგარიში - „თაობათა თანასწორობის ვალდებულების 2023 წლის ანგარიში - „ქალთა ეკონომიკური სამართლიანობა და უფლებები“ წარადგინეს.
თაობათა თანასწორობის ფორუმი პირველად 2021 წლის მარტში მექსიკაში ჩატარდა, შემდეგ კი პარიზში 2021 წლის ივნისსა და ივლისში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ახალი ვალდებულებები აიღო ორ თემატურ სფეროში: გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ქალების და გოგოების მონაწილეობის ხელშეწყობა. აღნიშნულ ფორუმზე სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.
თაობათა თანასწორობის ფორუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქალთა სტატუსის კომისიის 68-ე სესიაში დაინტერესებული მხარეების და რესურსების მობილიზების თვალსაზრისით, უზრუნველყოფს ქალთა ფართო წარმომადგენლობას და მათი საჭიროებების განხილვას ყველა მიმართულებით.
ფორუმზე ნინო წილოსანი შეხვდა გერმანიის ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის ფედერალურ მინისტრს ლიზა პაუსს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტს გერმანიაში ელკე ფერნერს. მხარეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის განვითარებისა და ქალების გაძლიერების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.