რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, „ქართული ოცნება" უმრავლესობით გაიმარჯვებს არჩევნებში - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ახალი ოპოზიციური პარტია „ახალის" შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან და ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მისი თქმით, მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც.
„სამწუხაროდ. ოპოზიციური სპექტრი დაცლილია შინაარსისგან. ფსევდო ახალი სახეები ცდილობენ, რომ გარკვეული სიახლე შემოიტანონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც საქმე გაქვს დისკრედიტირებულ, გაბანკროტებულ პოლიტიკურ ფიგურებთან და დარწმუნებული ვარ მათ ძალიან გაუჭირდებათ დამკვიდრება და ასევე, გაუჭირდებათ მინიმალური ბარიერის გადალახვაც.
ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რამდენი სახელიც და პარტიული ნომერიც არ უნდა შეიცვალონ, სხვათა შორის პარტიული ნომერიც სხვისგან ითხოვეს და მათ წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულია, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ყველა კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე, საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.