„ისინი ემზადებიან ტოტალური გაყალბებისთვის" - პაატა ზაქარეიშვილი „ქართულ ოცნებაზე“
„აუცილებლად იქნება გაყალბებები, ისინი ემზადებიან ტოტალური გაყალბებისთვის. ქართული ოცნება აქამდეც აყალბებდა არჩევნებს, თუმცა ლოკალურად სადაც სჭირდებოდა 3-5%-ის ფარგლებში, მაგრამ ახლა თუ დასჭირდება შესაძლოა 20%-ც კი გააყალბოს და ეს ძვირადაც დაუჯდება“მ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
„ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე როგორი შედეგი დადგება, თუმცა ცხადია პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ორი მსხვილი ძალა-ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოთ ბარიერს გადალახავენ გახარიას პარტია და ლელო. საინტერესოა რა შედეგს აჩვენებს მელია/გვარამიას ერთობა, შანსი მათაც აქვს გადალახოს ბარიერი. ოპოზიციურ პარტიებზეა დამოკიდებული რას შესთავაზებენ ამომრჩეველს, არის საკმაო შანსი შენარჩუნდეს კვლავ ერთპარტიული სისიტემა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსებზე და განაცხადა, რომ „თუ ოპოზიციამ საზოგადოებას არ დაანახა რატომ უნდა მისცენ ხმა მათ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ, თუმცა ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები საეჭვოა ეს შედეგი დადონ“.
ზაქარეიშვილის მოსაზრებით ოპოზიცია ჯერჯერობით ქართველ ხალხს არაფერს სთავაზობს, მათ უნდა ისაუბრონ ამომრჩეველთან პრობლემურ თემებზე და იზრუნონ გამსხვილებაზე.
„ამომრჩეველს არ აქვს არგუმენტი რატომ უნდა მისცენ ხმა ოპოზიციურ პარტიებს და არა ხელისუფლებას. თუ არ შეიცვლება თვითმართველობა, უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ. რატომ უნდა ჩაანაცვლოს ამომრჩეველმა ქართული ოცნება, ცუდ ფორმაში მყოფი ოპოზიციით, საჭიროა მეტი თემატური კონკრეტიკა ოპოზიციის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი საზოგადოება ასეთ დროს მაინც ხმას აძლევს არსებული ხელისუფლების დარჩენას, რადგან ვერ ხედავს განსხვავებებს. ამ შემთხვევაში დრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით მაღალი შანსია უმრავლესობა „ქართულმა“ ოცნებამ მიიღოს.
„ქართულმა ოცნებამ თუ შეინარჩუნა ძალაუფლება, გაგრძელდება ზუსტად იგივე რაც დღესაა-ავტორიტარიზმი. ოცნება ჭკუით იქცევა, როდესაც მკაცრ მეთოდებს არ მიმართავს და საზოგადოების ძლიერი წინააღმდეგობისთანავე უკან იხევს. არც კანდიდატის სტატუსი სურდათ, თუმცა შემდეგ კარგად შეიფერეს“-აცხადებს ზაქარეიშვილი.
ყოფილ მინისტრს ასევე დავუსვით კითხვა, თუ ხელისუფლება არჩევნებზე დაინახავს, რომ მოსალოდნელზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს მიმართავს თუ არა გაყალბებებსა და მანიპლაციებს:
„აუცილებლად იქნება გაყალბებები, ისინი ემზადებიან ტოტალური გაყალბებისთვის. ქართული ოცნება აქამდეც აყალბებდა არჩევნებს, თუმცა ლოკალურად სადაც სჭირდებოდა 3-5%-ის ფარგლებში, მაგრამ ახლა თუ დასჭირდება შესაძლოა 20%-ც კი გააყალბოს და ეს ძვირადაც დაუჯდება. დარწმუნებული ვარ მათ ეს არ უნდათ, მაქსიმალურად ეცდებიან გაყალბების ინსტრუმენტები არ გამოიყენონ, თუმცა თუ დასჭირდათ აუცილებლად მიმართავენ ამას. საბოლოო შედეგებზე ეს შესამჩნევ გავლენას მოახდენს და შესაძლოა საზოგადოებას მღელვარება მოჰყვეს. თუ საზოგადოება ქუჩაში გამოვა ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ოცნება ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლებას, ეცდება პროტესტის დახშობას, თუმცა სისხლში არა. ამაზე ვერ წავლენ, მათ არ აქვთ დიქტატურის რესურსი. საქართველოში დიქტატურა ვერასდროს დამყარდება, ხალხი დიქტატურას არ დაემორჩილება. ჩვენაირ პატარა სახელმწიფოებში დიქტატურა არ მუშაობს, საქართველო განწირულია დემოკრატიისთვის“-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
უსაუბრა გიორგი აბულაძე