თეგებით ძიება

ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს - თათა გიორგობიანი

მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს - აცხადებს მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– პროფესიაში როგორი ხარ, ეს, ალბათ, უკვე ბევრმა იცის, როგორი ხარ პირად ურთიერთობებში, მით უმეტეს, უკვე ოჯახი გაქვს და ამასაც, ალბათ, დიდი შრომა სჭირდება.

– ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ჩემმა მეუღლემ უნდა თქვას, მაგრამ ვცდილობ, მზრუნველი ვიყო. როცა დრო მაქვს, მინდა, მე გავაკეთო ბევრი რამ. შეგვიძლია, საჭმელი გამოვიძახოთ, მაგრამ მირჩევნია, ჩემი ხელით მოვამზადო, მე ვიტრიალო სახლში და გავიღო ენერგია ჩემი ოჯახისთვის. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ეს მუდმივად ვერ ხერხდება და დახმარებაც მჭირდება, მაგრამ მიყვარს სახლში ფუსფუსი და მზრუნველობის გამოჩენა. ადრე ცოტა მიჭირდა, მაგრამ ახლა ადამიანისადმი სითბოს გამოხატვაც ვისწავლე.

– ამ ურთიერთობას შინაგანი თვალსაზრისით თუ მოჰყვა ცვლილებები?

– პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, რომელიც აბსოლუტურად იაზრებს, თუ რას ნიშნავს, ქალს ჰქონდეს საკუთარი კარიერა და იყოს ძალიან დაკავებული. მას ნათქვამიც აქვს, შენ რომ ჩემ გამო ყველაფერი დათმო და ის პიროვნება აღარ იყო, ვინც ხარ, ასეთი არც მომეწონებიო. აბსოლუტურად იაზრებს, რომ რაღაცები მოაკლდება მასაც და მეც, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, მაგრამ ამას გაგებით უდგება, ისე, როგორც ნორმალური ადამიანები უნდა იქცეოდნენ. მგონია, ამაში გასაოცარი არაფერია. ჩემი არჩევანი იყო ასეთი – მინდოდა, მესწავლა, მემუშავა და ოჯახი მქონოდა, ისიც შესაბამისად აფასებს და აღიქვამს ჩემს დამოკიდებულებებს, ყველანაირად გვერდით მიდგას. შეიცვალა ის, რომ შინაგანად ძალიან თავდაჯერებული ვარ. ისევ ფსიქოლოგიას უნდა დავესესხო, არსებობს დასკვნა, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს შემდგარი, რეალიზებული კარიერაში, მშვიდი და სტაბილური, მას სჭირდება კარგი ბაზა პირად ურთიერთობებში, საიდანაც ენერგიას მიიღებს. როდესაც ადამიანს პირად ცხოვრებაში დიდი სტრესი და ნერვიულობა ხვდება, იქ იხარჯება ის რესურსი, რომელიც სწავლისა თუ მუშაობისთვის არის საჭირო. ამიტომ ეს ურთიერთობა ჩემთვის არის უდედესი ხელშეწყობა, რომ მე ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვაკეთო ჩემი საქმე. დალაგებული პირადი ცხოვრება ნამდვილად ეხმარება ადამიანს კარიერაში ფრთების გაშლაში.

– ინტერესების თვალსაზრისით ბევრი საერთო გაქვთ?

– რადგან კონსტანტინე სათვალეს ატარებს, ვხუმრობ ხოლმე, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს სათვალე მართლა ნაკითხობისა და განათლების გამო უკეთია-მეთქი (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საერთო და სასაუბრო გვაქვს, დაწყებული ფეხბურთიდან დამთავრებული ფანტასტიკის სფეროთი. ვმსჯელობთ, ცოტას ვკამათობთ კიდეც და ეს ძალიან გვსიამოვნებს. ინტელექტუალური კამათი ორივეს გვხიბლავს.

– ლამაზი და წარმატებული ქალების რომ ეშინიათ კაცებს, ეს მითი, ალბათ, დაამსხვრია.

– მაპატიონ, მაგრამ მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება, არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა. ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს – ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა – ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა