თეგებით ძიება

„რუსეთი ხვდება, რომ წინ ვერ მიდის, თუმცა უნდა რომ ის მაინც შეინარჩუნოს რაც აქვს“ - პაატა ზაქარეიშვილი

”უკრაინას მიეცემა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის განახორციელოს კიდევ ერთი კონტრშეტევა“, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა. 

 „უკრაინის ფრონტზე სტაგნაციაა,  პოზიციური ომი მიდის დღესდღეობით. რუსეთმა ვერცერთ თავის  ამოცანას ვერ მიაღწია ომში ვერც ე.წ. დენაციფიკაციას, ვერც დემილიტარიზაციას და ვერც ნატოს  გაფართოების შეჩერებას. რუსეთი ძალიან ნელა, თითოოროლა ქალაქს იღებს, რაც საკმარისი არაა. რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები ნელა, თუმცა მაინც მუშაობს, ეკონომიკაში პრობლემებია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს დასავლეთი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათი წინააღმდეგობა არ გატყდეს.

„ვფიქრობ, უკრაინას მიეცემა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის განახორციელოს კიდევ ერთი კონტრშეტევა. თუმცა თუ ეს კონტრშეტევაც, წინამორბედივით ჩავარდა, მაშინ დასავლეთი მოსთხოვს უკრაინელებს მეტი მოქნილობა გამოიჩინონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. რუსეთი ხვდება, რომ წინ ვერ მიდის, თუმცა უნდა რომ ის მაინც შეინარჩუნოს რაც აქვს.

 ავღანეთში ომი 10 წელი გაგრძელდა, რადგან ხალხი პრაქტიკულად შიშველი ხელებით წინააღმდეგობას არ წყვეტდა. უკრაინელმა ხალხმაც კარგად იცის რა არის პარტიზანული ომი,  მათ ამ გზით დაამარცხეს ნაცისტური გერმანია თავის დროზე. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ეს გახდება ნაჯახების ომი. თუ უკრაინელებს იარაღი არ ექნებათ, ნაჯახებს აიღებენ ხელში და ტყეებიდან განაგრძობენ დაუმორჩილებლობას. თუ ვინმეს უნდა მალე დასრულდეს ომი, დასავლეთმა უნდა განაგრძოს მაქსიმალური დახმარებით, შეაიარაღოს უკრაინელები. თუ ასე არ მოხდა, უკრაინელები არ დანებდებიან და ომი უფრო დიდხანს გაგრძელდება, რუსებს არ გაახარებენ. მაგალითად თუ ტრამპმა შეუწყვიტა დახმარება უკრაინას, ეს გაახანგრძლივებს ომს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსმა კომენტარი საფრანგეთის ბოლოდროინდელ აქტიუობაზეც გააკეთა.

 „საფრანგეთი და გერმანია, ზოგადად სულ ერთად არიან, ევროკავშირის ღერძი არიან. შეთანხმებული სტრატეგიის ნაწილია საფრანგეთის განცხადებები. ამით აგრძნობინებენ რუსეთს, რომ ევროპა უკან დახევას არ აპირებს. მაკრონმა ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რომ ჯარისკაცებს არა ფრონტის ხაზე, არამედ ოდესაში გაგზავნის სადაც აქტიური საომარი მოქმედებები  არ მიდის. მაკრონი საუბრობს საფრანგეთის და არა მთელი ევროკავშირის სახელით. შეეცდება ამ ნაბიჯისგან მაქსიმალურად თავი შეიკავოს, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში არაა გამორიცხული გაგზავნოს ჯარები“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა