მოქალაქე აცხადებს, რომ პირი, რომელიც თანასოფლელებს ემუქრება დაუსჯელია
თსუ-ს პროფესორი თამარ ქარაია, ამბობს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს დასაჯოს პირი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯში მეზობლებს ემუქრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის,მისი მშობელი და კიდევ ერთი მეზობელი დაუცველები რჩებიან.
მისივე თქმით, ის და მისი ადვოკატები "უფლებები საქართველოდან" სთხოვენ გამოძიებას გადასცენ საგამოძიებო მასალები გასაცნობად, რაც დღემდე არ მომხდარა.
მოქალაქემ დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ კაცი, რომელიც 17 წელი იჯდა ციხეში და შემდეგ ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი მიიღო, წლებია აშინებს და ავიწროებს სოფელს, ემუქრება როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე საჯარო მოხელეებს, აყენებს მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ითვისებს მეზობლების ტერიტორიას, არ იხდის გადასახადს და სხვა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მუქარის და ნერვიულობის ფონზე ქალის დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და კლინიკაში გადაიყვანეს.
"ბევრი მეკითხება თუ როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და რა შედეგია: სამწუხაროდ ყველაფერი არის ძალიან ცუდად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანის დასჯაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მე და დედა და კიდევ ერთი დაზარალებული მეზობელი ვრჩებით დაუცველები.
დედაჩემი კლინიკიდან გამოწერეს პირველ მარტს (დიაგნოზია: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ორი ინსულტი) და რეანომობილით ჩამოვიყვანეთ თბილისში. ამ ფაქტის გათვალისწინებით მე და ჩემი ადვოკატები „უფლებები საქართველოდან“ ვთხოვთ გამოძიებას გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და გადმოგვცეს გამოძიების მასალები გასაცნობად. მათი პასუხია დიახ, მაგრამ დღემდე ეს არ მომხდარა.
გარდა ამისა, გავარკვიეთ რომ დაინიშნა ბრალდებულის ამბულატორიული (და არა სტაციონალური!) ფსიქიატრიული ექსპერტიზა და რამდენადაც ზეპირსიტყვიერად გავარკვიეთ, ექსპერტმა გაიმეორა წინა დასკვნები, რომელიც 90 წლებში იყო მოპოვებული და განაცხადა რომ შეურაცხადია. პროკურატურამ, ოპერატიულად, გუშინვე განაცხადა რომ დაუყოვნებლივი აღსრულებით მიმართავს სასამართლოს და უშვებს ბრალდებულს იძულებით მკურნალობაზე.
პროკურატურა უარს ამბობს ჩვენი მოთხოვნით სტაცინარულ შემოწმებაზე. ეს მათ ანთავისუფლებს გამოძიების გაგრძელებისგან და ამით დახურავენ საქმეს.
იძულებითი მკურნალობა, და დროზე ადრე განთავისუფლება იყო სწორედ ის სცენარი რომლითაც აღნიშნული პირი ატერორებდა უბანს და სოფელს, და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ „17 წელი იჯდა ციხეში, გამოვა და ყველას მიხედავს“. კითხვაზე - ვინ უნდა დაიცვას ჩვენი, დაზარალებულების უსაფრთხოება პასუხი არ არის", - წერს ის.