გაიქეცით თუ გზაზე ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს დაინახავთ - ნიკოლოზ კაჭკაჭური
თბილისელი მძღოლებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის დაზიანება შეიძლება სახლ-კარის გაყიდვად დაუჯდეთ, ამიტომ ლურჯი და მწვანე ავტობუსების სიახლოვეს განსაკუთრებით ფრთხილობენ. რამდენიმე თვის წინ ფეისბუქის მომხმარებელი წერდა, რომ ავტობუსის უკანა ბუფერზე მანქანის „მიდება“ 10 000 ლარი დაუჯდა და მძღოლებს აფრთხილებდა - „ავტობუსს ახლოს არ გაეკაროთ, თორემ გაგპარსავენ!“. როგორც გავარკვიეთ, ასეთ შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს. მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ უსიამოვნო ინცინდენტს ვერც მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური გადაურჩა, რომელმაც TIA.GE-ს მომხდარის შესახებ უამბო:
- დავიწყებ იმით, რომ „ტასატის“ თავმჯდომარეობის გარდა, მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ და თითქმის ყოველდღიურად, ქალაქის ქუჩებში ვმოძრაობ. გამოცდილიც ვარ და გზაც კარგად ვიცი, მაგრამ ერთი ინცინდენტი მაინც მომიხდა - ავტობუსი გაჩერებასთან ცუდად იყო გაჩერებული და სარკით ოდნავ შევეხე, სადაც სამი უმნიშვნელო ლაქა დარჩა. ოქმშიც ჩაიწერა, რომ ავტობუსს სამი უმნიშვნელო ლაქა აქვს. სხვა მხრივ, არც სამარშრუტო მიკროავტობუსზე და არც ავტობუსზე არაფერი გაფუჭებულა. მერიის სამსახურიდან მოვიდნენ, ზიანი შეაფასეს, ჟელეიანი ნაჭრით გაწმინდეს და გადასცილდა ის ლაქა. ამის მიუხედავად, 464 ლარი ჯარიმა მომივიდა. რისი ჯარიმაა, რას მთხოვენ, ვერ გავიგე.
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გარკვევა არ გიცდიათ?
- მივწერე ასოციაციის სახელით, გთხოვთ მომწეროთ რა დაგიზიანეთ ავტობუსზე თქო და მწერენ, რომ შეღებვა 130 ევრო ღირს და პოლირება 90 ევრო, რაც ჯამში 464 ლარია. რისი შეღებვა? რა პოლირება, ლაქა გაიწმინდა და გასცილდა. რომ არ გადავიხადე, სასამართლოდან მომივიდა წერილი, რომ კომპანიისთვის გადასახდელი მაქვს თანხა. რის გადასახადი უნდა გადავიხადო, არაფრის? ვერ გავიგე რა ხდება, ვინ აფასებს ამ დაზანებებს და როგორ აფასებს? გგონიათ ჩემი შემთხვევა ერთეულია? ამასწინათ, მერიის მიკროავტობუსს უკნიდან მანქანა დაეჯახა. დაზიანდა უკან კარი, შუშა და „კრილო“ ისე, რომ ორი-სამი ათასის ფარგლებში შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ მძღოლს 36 000 ლარი გადასახადი მოუვიდა. ეს რას ნიშნავს? სახლ-კარი უნდა გაყიდოს ადამიანმა? ჩვენი ასოციაციის წევრი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოვიდა ჩემთან ამასწინათ და მითხრა, გაჩერებულ მანქანას გვერდი ოდნავ გავუსვი და 12 500 ლარიანი ჯარიმა მომივიდაო. მძღოლები გაგიჟებულები არიან, ამათ მილიონერები ვგონივართ, ამბობენ.
- იქნებ, უფრო ფრთხილად უნდა იაროთ?
- რომელ მძღოლს უნდა მანქანის გაფუჭება და პრობლემების შექმნა, მაგრამ ზოგჯერ ასეთი შემთხვევებიც ხდება. ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთ წევრი სარკით ოდნავ შეეხო ავტობუსს, საერთო არაფერი ეტყობოდა და 908 ლარი მოუვიდა ჯარიმა. მძღოლს სადაზღვევო კომპანიაში გავყევი და გვეუბნებიან, ჩვენ ეს მანქანა გავაკეთეთო. მაჩვენეთ რა გააკეთეთ მეთქი, ვერ მაჩვენეს. ამოვიღე პლანშეტი და ვაჩვენე, რომ ავტობუსზე დაზიანება არ ჩანდა. მოვკიდე ამ კაცს ხელი და ვუთხარი ახლა ჩვენ პროკურატურაში მივდივართ და იქ გავარკვევთ, როგორ შეიძლება არაფრის გამო კაცი 908 ლარით დააჯარიმოთ თქო. სანამ პირველ სართულზე ჩამოვედით, კაცი დამადევნეს და მითხრეს, რომ შეცდომა მოხდა და გადასახდელი არაფერი გვაქვს. ასე როგორ შეიძლება. თუ ადამიანმა დააშავა, სამაგი და ხუთმაგი ფასი მაინც დაადე, ასმაგს რომ ადებ, როგორ გადაიხადოს? რომ მიხვიდე და უთხრა თუ დავაზიანე, მე გავაკეთებ და ისეთივეს ჩაგაბარებო, უარს გეტყვიან. ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ამას 30 000, 40 000 და ა.შ. უნდაო.
- დაზღვევა ზარალის დაფარვაში არ გეხმარებათ?
- დაზღვევა ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს და ხელები მძღოლს შეაწმინდოს. ასე მგონია, რომ ესენი ერთად მოქმედებენ მძღოლების წინააღმდეგ. ადამიანი ობიექტური უნდა იყოს და მარტო უარყოფითზე არ ილაპარაკოს, ამიტომ კარგსაც გეტყვით - ეს „ბასლაინები“ მოსახლეობისთვის კარგია. საცობებში საათობით დგომა აღარ უწევს ხალხს. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმაც ამოისუნთქეს იმ მხრივ, რომ მანქანის გაფუჭების დროს ნაწილებისთვის და შეკეთებისთვის ჩვენ აღარ დავრბივართ. დარეკავ, მეორე მანქანას მოგიყვანენ და აგრძელებ მუშაობას. მძღოლს არც მანქანის გარეცხვა აწუხებს, ყველა პრობლემას კომპანია აგვარებს.
- თუ საიდუმლო არ არის, ანაზღაურება რამდენი გაქვთ?
- ხელფასი საათობითაა და 1500 ლარზე მეტი გამოგვდის. გამოყოფილია მორიგე ავტობუსი, რომელსაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მძღოლები სახლში მიჰყავს. ასე, რომ რაც კარგია, უნდა აღინიშნოს, მაგრამ პრობლემაც უამრავია. ზემოთ თქმულის გარდა, დაუხაზავი ქუჩებიც ბევრ პრობლემას გვიქმნის. ჩიტაიას ქუჩაზე, მალაკნების ბაზარს რომ ეძახდნენ, ავტობუსის გაჩერება დახაზული არაა, ამიტომ ხან დისტრიბუციის და ხან კერძო მანქანა დგას. ასეთ გაჩერებებზე შესვლა და გამოსვლა ძალიან გვიჭირს. ვფიქრობ, მაღაზიამ უნდა მიმართოს მერიას, რომ დისტრიბუციის მანქანებისთვის ადგილი გამოიყოს და იქ სხვა მანქანა არ გაჩერდება.
- თქვენი აზრით, საცობების პრობლემის მოსაგვარებლად რა უნდა გაკეთდეს?
- საცობებს რაც შეეხება, ხალხი იმდენად გადაეჩვია ფეხით სიარულს, რომ ბევრი მაღაზიაშიც მანქანით მიდის, თუმცა მანქანების სიმრავლის გარდა, საცობების წარმოქმნას ბევრი სხვა მიზეზიც აქვს. ეს არის არასწორად გაჩერებული მანქანები, არასწორად დაყენებული შუქნიშნები, დაუხაზავი ქუჩები და ა.შ. ჩიტაშვილის და კლდიაშვილის ქუჩების კუთხეში სამზოლიანი გზა მოდის, მაგრამ მანქანები ერთ ზოლში ძლივს გადიან იმიტომ, რომ ცერად შეყენებული მანქანები გამოსვლისას მთლიანად მოძრაობას კეტავენ. გამოდის, რომ მარტო პარკინგები გვაქვს და სამოძრაო გზა აღარ რჩება.
ვეფხისა და მოყმის ძეგლის ქვევით რომ კოროუსები შენდება, ისინი რომ დასრულდება და ხალხი შესახლდება, წარმოიდგინეთ იმ ადგილს რამდენი მანქანა დაემატება. ამასთან, ახალ კორპუსს მისასვლელი გზა რომ ჭირდება, ამაზე არ ფიქრობენ. თანაც, 16 და 18 სართულიან კორპუსებს ქვემოთ 2 სართული რომ ექნება მანქანის სადგომი და მეტი არა, იქ ხომ მანქანების ნახევარიც არ დაეტევა? ამიტომ ქუჩები მანქანებით სავსეა. ასე, რომ გზებზე უამრავი მოუგვარებელი პრობემლემაა, რომელსაც დროული გადაჭრა სჭირდება.