თეგებით ძიება

ესტონეთში ახალი, უკიდურესად საშიში ოპიოიდი ვრცელდება

გასული წლის შემოდგომაზე ესტონეთის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ინსტიტუტის (TAI) მიერ ტალინსა და ტარტუში ჩატარებული ჩამდინარე წყლების კვლევა ორივე ამ ქალაქში ნარკოტიკების მოხმარების ზრდაზე მიუთითებს. ბაზარზე გამოჩნდა ახალი ოპიოიდი, რომელიც სწრაფ ზედოზირებას იწვევს.

ჩამდინარე წყლების ბოლოდროინდელმა კვლევებმა რამდენიმე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება გამოავლინა, რომელთა შორის არის ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, სახელად ნიტაზენი (ბენზიმიდაზოლის ოპიოიდი). ჯანმრთელობის გაუმჯობესების ინსტიტუტის ანტინარკოტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კატრი აბელ-ოლომ ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს (ERR) განუცხადა, რომ ჩამდინარე წყლებში ნიტაზენის გამოვლენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„2022 წლიდან გაიზარდა ნიტაზენის ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები გვეუბნებიან, რომ ბევრი ნალოქსონი სჭირდებათ იმ პაციენტების გადასარჩენად, რომლებმაც ეს ნივთიერება გადაჭარბებული დოზით მოიხმარეს“, - ამბობს აბელ-ოლო.

გასული წლის შემოდგომაზე ნიტაზენი მხოლოდ ტალინში ჩამდინარე წყლებში იყო აღმოჩენილი.

თუმცა, როგორც სამხრეთის პრეფექტურის პოლიციის ორგანიზებულ და მძიმე დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი, სტივენ ილვესი ამბობს, ამ ნივთიერებამ უკვე ტარტუმდე მიაღწია - სამხრეთ ესტონეთის ამ ქალაქში ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ნიტაზენის ზედმეტი დოზით მიღების გამო გარდაიცვალა.

„მის მთავარ ეფექტს ჰიპოქსია წარმოადგენს, რასაც გონების დაკარგვა, გულის და სხვა ორგანოების უკმარისობა მოსდევს. ეს არის ბოლო სამი თვის ტენდენცია - ტარტუში და საერთოდ, სამხრეთ რეგიონში ეს ნივთიერება აქამდე არ გვინახავს. ნიტაზენი, სიმძიმის თვალსაზრისით, სადღაც ფენტანილსა და კარფენტანილს შორის დგას. იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ნივთიერება ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი“, - ამბობს ილვესი.

თავის მხრივ, აბელ-ოლ აღნიშნავს, რომ ნიტაზენი, როგორც წესი, ფხვნილის სახით იწარმოება, ხოლო ფალსიფიცირებულ მედიკამენტებში მისი გამოყენება ცალკე პრობლემას წარმოადგენს.

„ის შეიძლება აბების სახითაც იწარმოებოდეს. როდესაც ახალ ბენზოდიაზეპინს ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, რომ ის ნიტაზენსაც შეიცავს. ხალხი ამ აბების მიმართ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.

სტივენ ილვესი კი შენიშნავს, რომ ზედოზირების რისკი კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ, ხშირად, ნიტაზენ ალკოჰოლთან ან დეპრესანტ გამა-ჰიდროქსიბუტირინის მჟავასთან (GHB)ნ ერთად მოიხმარენ.

არც ძირითადი ნარკოტიკები გამქრალა სადმე: კანაფი და კოკაინი ჩამდინარე წყლებში კვლავ ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერებებია.

მაგალითად, 2023 წელს, ტალინის ჩამდინარე წყლებში კოკაინის საშუალო შემცველობა (1000 მოსახლეზე), 2022 წელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა, ტარტუს ჩამდინარე წყლებში კი კოკაინის კონცენტრაცია 2,6-ჯერ იყო მომატებული.

აბელ-ოლო ამბობს, რომ კოკაინის პრევალენტობა (გავრცელების მაჩვენებელი) მის ხელმისაწვდომობაზე და სისუფთავეზეა დამოკიდებული. „ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კოკაინი 90-პროცენრიანი სისუფთავისაა და მისი ფასები ეცემა. ევროპის ნარკომანიისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ევროპაში ძალიან სუფთა და ხელმისაწვდომი კოკაინია შემოსული“, - აცხადებს აბელ-ოლო.

კანაფის მოხმარებას კი ბევრი სტრესთან და ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავების სურვილს უკავშირებს.

„კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ ისინი კანაფს სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ, რაც ნამდვილად არის პრობლემის ერთ-ერთი ასპექტი“, - აღიარებს კატრი აბელ-ოლო.

წყარო: 1 TV.GE


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა