თეგებით ძიება

"მომავალი 7 თვის მანძილზე, ალბათ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან" - თორნიკე შარაშენიძე

"მომავალი 7 თვის მანძილზე ალბათ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს ანალიტიკოსმა, თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. 

 „ერთი შეხედვით დღეს ლელოს აქვს შანსი 5%-იანი ბარიერი გადალახოს, თუმცა, მომავალი 7 თვის მანძილზე ალბათ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თითქმის არ არსებობს შანსი სხვა პარტიებმა ბარიერი გადალახონ. ეს აწყობს ამ ორ მთავარ მოთამაშეს“, - აცხადებს ანალიტიკოსი ჩვენთან საუბარში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ხშირია დაპირისპირებები.

„რასაც მე ვუყურებ, „ლელო“ დაკავებულია გახარიასა და იაგო ხვიჩიას პარტიებზე თავდასხმით. გახარიას პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ პოლარიზაციამ შთანთქა. „ლელო“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც ნაციონალებისა და ოცნების გარდა ფული აქვს და ეს სერიოზული რესურსია, რადგან საქართველო ღარიბი ქვეყანაა.

 ოპოზიციაზეა დამოკიდებული მისცემს, თუ არა საშუალებას ხელისუფლებას გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით. ოპოზიცია ბოლო 4 წელია იმდენ შეცდომას უშვებს, სამწუხაროდ არაა გამორცხული მსგავსი რამ“, - ამბობს შარაშენიძე და დასძენს, რომ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩენა ქართული  დემოკრატიისთვის კარგი არ არის.

„დრო გადის და არჩევნების გაყალბება ასეთი მარტივი აღარ არის, მთავარია რა ხდება საარჩევნო კამპანიის დროს. ის რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ჰიბრიდული რეჟიმი (ნახევრად დემოკრატიული) გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურს და გარკვეულ მანიპულაციებს უნდა მივიღოთ მოცემულობათ. ოპოზიციამ ამის გათვალისწინებით უნდა დაამარცხოს ხელისუფლება, რაც ერთხელ უკვე მოხდა 2012 წელს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

შარაშენიძის თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა, დაქსაქსულობა და ხალხთან ნაკლები კომუნიკაციაა, მისი აზრით მათ აქვთ ფულიც და მედიაც, რაც არ ჰქონდა ოპოზიციას წინა ხელისუფლების დროს.

ანალიტიკოსმა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი გაჩერებულია და ვერცერთი მხარე გადამწყვეტ უპირატესობას ვერ აღწევს, რაც საბოლოო ჯამში რუსეთს აწყობს.

 „უკრაინაში ფრონტის ხაზი არის გაჩერებული და ვერცერთი მხარე გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მიაღწევს. დანაკარგები მეტნაკლებად თანაბარია. ეს აწყობს ბუნებრივია რუსეთს, რადგან მეტი ჰყავს დასახოცი. ასე გაგრძელება უკრაინისთვის კარგი არ არის. დასავლეთს ეტყობა გადაღლა, როგორც ჩანს გასულ ზაფხულში კონტრშეტევაზე იყო დიდი იმედები დამყარებული და მისი ჩავარდნის შემდეგ როგორც ჩანს ეძებენ სახვა გზებს ომის შესაჩერებლად“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ანალიტიკოსის აზრით, თუ კიდევ ერთი კონტრშეტევა ჩავარდა, უკრაინა კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩავარდება.

„მე მიხარია, რომ მაკრონისნაირი ლიდერი აქტიურობს, თუმცა მან თქვა რომ ჯარებს გაგზავნის თუ ოდესა დაეცა, ხოლო თუ ეს მოხდა უკრაინის თავდაცვითი ხაზი სრულად ჩამოიშლება და დიდი მნიშვნელობა მაკრონის 10-20 ათას ჯარისკაცს აღარ ექნება. ღმერთმა დაგვიფაროს აქამდე მივიდეს საქმე“, - თქვა თორნიკე შარაშენიძემ TIA.GE-სთან.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა