თეგებით ძიება

„ამისათვის ცხოვრება ღირდა..“ - ქართველი დიზაინერის წარმატება პარიზის მოდის კვირეულზე

„როდესაც, 2024 წლის, 2 მარტს, საფრანგეთში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ჩვენებაზე ჩემი, როგორც დიზაინერის, სახელი და გვარი გამოაცხადეს, მივხვდი რომ ამისათვის ცხოვრება ღირდა...“ – ეს სიტყვები ევროპაში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, თამთა ქართველიშვილს ეკუთვნის, რომელიც TIA.GE-ს საკუთარ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ყველაფერი დაიწყო ბავშვობაში... მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვერ წარმომედგინა, ის, რაც დღეს უკვე რეალიზებული, განხორციელებული და შემდგარია. წინ კიდევ დიდი გზაა, თუმცა სტარტაპი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ვფიქრობ, მომავალი გამოწვევები აღარ შემაშინებს და უფრო დიდი ენთუზიაზმით მივუდგები საქმეს“, - ამბობს თამთა და დასძენს, რომ პირველი სტიმული მისთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში, დედისგან მოსმენილი ფრაზა გახდა.

„მეხუთე კლასში ვიყავი, როცა კაბის დიზაინი, პირველად დავინახე გონებაში, წარმოსახვაში. წარმოვიდგინე ეს ყოველივე და ცოტა შემეშინდა. ვერ გავიაზრე რა ხდებოდა და ეს ალბათ ბუნებრივიცაა. მაშინ, ყველაზე ახლოს, დედა იყო ჩემთან და გავუზიარე ეს უცნაური ამბავი, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე: მაგას ნიჭს ეძახიან... ამ ფრაზამ, კიდევ უფრო გამიღვივა შეგრძნებები, მიბიძგა დიდი საქმეებისკენ, სტიმული მომცა და ძალიან დამაფიქრა. თუმცა.. თუმცა, ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა, მაინც ვერ გავბედე... წლები გადიოდა.. ცხოვრებამ კი,  ბევრი განსხვავებული გზით მატარა და საბოლოოდ მოვედი იქ, რაც ბავშვობიდან ჩემად დავიგულე“, - ამბობს თამთა.

დიზაინერის თქმით, პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და იმ წუთებს ეოციების გარეშე ვერ იხსენებს. 

„როდესაც, 2024 წლის, 2 მარტს, საფრანგეთში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ჩვენებაზე გამოაცხადეს ჩემი, როგორც დიზაინერის, სახელი და გვარი, მივხვდი რომ ამისათვის ცხოვრება ღირდა.. ამისათვის ის რთული, აურზაურით სავსე და სხვადასხვა გზებით სიარულიც ღირდა. ამისათვის ყველაფერი ღირდა.

უღრმესი მადლობა საქართველოს მაღალი მოდის კვირეულს, ჩემი შემჩნევისთვის და იმ საოცარი ემოციებისთვის, რომელიც პარიზ ფეშენ შოუზე ჩემი შექმნილი მოდელების ხილვითა და საკუთარი სახელისა და გვარის გაგონებით დამეუფლა. 

წინ დიდი გეგმებია, რომელსაც ზუსტად ვიცი, სწორი, საინტერესო და პროფესიონალი ხალხის დახმარებით, აუცილებლად შევასრულებ, სისრულეში მოვიყვან და მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებ, რომ კიდევ უფრო დახვეწილი, საინტერესო და ბევრის მთქმელი კოლექციები შემოგთავაზოთ“, - ამბობს დიზაინერი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა