პროტესტის მე-4 დღე ჭიათურაში
პროტესტის მე-4 დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში - მაღაროების ნაწილი ამ დრომდე პარალიზებულია. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" კერძო საკუთრების განადგურებაში ადანაშაულებს. მათ კარვები აქვთ გაშლილი და 24-საათიან აქციებს მართავენ.
ადგილობრივების თქმით, კომპანია წლების განმავლობაში მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, მიწის სიღრმეში, მანგანუმს მოიპოვებდა, რის გამოც სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები. აქციის მონაწილეები კომპენსაციასა და სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.
"იძულებული გაგვხადა კომპანიამ, დაგვირღვია ყველანაირი ხელშეკრულების პირობები. მე ვარ ის ერთ-ერთი ქალი პირამოკერილი რომ ვიყავი. მოთხოვნა გვქონდა, რომ ზარალი აენაზღაურებინათ და 1 ლარი არ მაქვს აღებული," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამტკიცებენ, რომ პროტესტის მონაწილეების უმრავლესობას კომპენსაციები აღებული აქვთ.