"ჩვენ ვართ ბირთვული ძალა..." - ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით პუტინის განცხადებაზე
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა "შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.
"ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.