მოთხოვნილი თანხის ნახევარი სავარაუდოდ გადახდილია - ახალი დეტალები მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე
უმძიმესი გზას ემიგრაციისკენ - ნარკოკარტელის მიერ გატაცებული მოქალაქეების კადრებში კარგად ჩანს რომ დანაშაულებრივ ორგანიზაციას მძევლად ჰყავს აყვანილი მცირეწლოვანი ბავშვებიც. კადრები ანონიმურმა წყარომ მოგვაწოდა და სავარაუდოდ ეს ვიდეო გამტაცებლებმა მათ საგანგებოდ ჩააწერინეს. ტყვეობაში ამ დროისთვის 30-მდე ქართველი რჩება. დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდს - 90 ათას დოლარს ითხოვს. საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
არსებული ინფორმაციით, მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 45 ათასი დოლარი უკვე გადახდილია:
"მას შემდეგ რაც ადამიანები ჩავიდნენ მექსიკაში, ერთ ერთ ქალაქში, ამ კარტელმა გამოუცხადა ყველას, რომ ვერავინ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. დამოუკიდებლად 5 ადამიანი ვიღაცას დაუკავშირდნენ, ამ ვიღაცამ გაიგზავნა მძღოლი, ისინი იმ სასტუმროდან სადაც გადამყვანს ჰყავდა გაჩერებული იქიდან გაიპარნენ , გაყვნენ დამოუკიდებლად ვიღაცა სხვას, რომელიც დაიჭრეს ქართველებთან ერთად, წაართვეს პირადი ნივთები, გალახეს და ამოგდეს, თან ფული გადაიხადეს, მაგრამ იმათ იფიქრეს, რომ ესენი მარტო არ იქნებოდნენ. იმათ გამოყვნენ უკან და ნახეს ეს ხალხი სადაც იყვნენ. ეს ხალხი გამოვიდნენ თუ არა ავტობუსებით, დაიჭირეს ეს 30-ვე. ახლა არის ეს სიტუაცია, რომ ამ 30-ვეს გაათავისუფლებაში ითხოვენ ფულს, მექსიკური კარტელის შემთხვევაში ეს სტანდარტული მოვლენაა. ჩემი ინფორმაციით, მოთხოვნილი 90 ათასიდან 45 უკვე გადახდილია. ახლა ელოდებიან მეორე თანხის გადახდას. " ამბობს "მთავარ არხთან" ინფორმირებული წყარო.
საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი 3 დღის წინ გაიტაცეს. "მთავარ არხზე" გასული ინფორმაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, რომ ამბავი დაედასტურებინა. უწყება აცხადებს, რომ საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა და ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს ადგენენ.