თეგებით ძიება
17. 03. 2024 მსოფლიო

უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ გვაქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი - მაკრონი

საფრანგეთს უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

„მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიმიტები და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“, – განაცხადა მაკრონმა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, დღეს უკრაინაში სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე აქამდე, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი გადავიდა საომარ ეკონომიკაზე და საერთაშორისო არენაზე პერსპექტივასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობაა.

„ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, არა მხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობასთან, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დააჩქაროს დახმარება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტები არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ლიმიტები?“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, აიღებდა თუ არა ტელეფონს, თუ მას ვლადიმერ პუტინი დაურეკავდა, მაკრონმა უპასუხა: „დიახ, ავიღებ ტელეფონს, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მოვუსმენ იმას, რასაც ის შემომთავაზებს. მე მჯერა, რომ საფრანგეთის როლია, „ომის ნერვი” იყოს, როგორც ჩერჩილმა თქვა. აუცილებელია, ერთი მხრივ, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. საჭიროა, მივაღწიოთ მდგრად, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. სწორედ ამიტომ, თუ მოულოდნელად მას მოუნდება რაიმეს შემოთავაზება, მე მოვუსმენ მისი წინადადებების მნიშვნელობას, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი მოლაპარაკება არის ის, რომელსაც ორი სახელმწიფოს (რუსეთი და უკრაინა) მეთაურები მართავენ.“

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთს აქვს საკუთარი პოზიცია ბირთვული საფრთხის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სწორედ პუტინი „აბსოლუტურად შეუსაბამოდ“ იმუქრება ბირთვული იარაღით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას დღეს უნდა მივცეთ დამატებითი გარანტიები, რათა უკრაინას ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა სამხედრო დახმარების კალენდარზე, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და თავდაჯერებულად მივიდეს იმ მომენტამდე, როდესაც შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებები. მაგრამ ეს იქნება ძალიან ფუნდამენტური დისკუსია, რომელშიც უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება ფუნდამენტური საფუძვლიანი ღირებულება“, – განაცხადა მაკრონმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა საფრანგეთს გეგმა იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ინტერესებშია უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარება, რადგან „საერთაშორისო სამართლის ბედი უკრაინაში წყდება“.

„ჩვენ, ევროპელები, ჯერ კიდევ უნდა მოვემზადოთ სხვადასხვა სცენარისთვის, რადგან ჩვენთვის უკრაინა ეგზისტენციალური საკითხია. თქვენ თუ ამ ომში დამარცხდებით, ჩვენ ვერ გვექნება ევროპული უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა ევროპული ქვეყანა, ააწყონ საკუთარი თავდაცვის პოლიტიკა“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა