რატომ უნდა დავიცვათ მარხვა და რა უნდა იცოდეთ თუკი გადაწყვეტთ იმარხულოთ
ხვალ, 18 მარტს აღდგომის მარხვა იწყება. აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღდგომის წინა, 40 დღიანი მარხვა მთავარი საეკლესიო დღესასწაულისთვის მზადებას წარმოადგენს.
რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.
სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად” (მათე 6, 17-18), ” წმ.
იოანე ოქროპირი.
ჩვენ გიამბობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება დიდი მარხვის დღეებში.
40 დღის მანძილზე აკრძალულია შემდეგ საკვების მიღება:
ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი) ალკოჰოლი. სასურველია თავი შეიკავოთ თეთრი პურის, ფუნთუშებისა და ნამცხვრების მირთმევისგან.
ზოგადად, შეგიძლიათ დაიცვათ როგორც მკაცრი, ასევე შედარებით მსუბუქი მარხვა. მეორე შემთხვევაში, შეგიძლიათ თევზი და კარაქზე დამზადებული კერძებიც კი მიირთვათ.დანარჩენ პროდუქტებზე როგორც წესი, შეზღუდვა ვრცელდება.
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდი მარხვის დროს?
მარხვის არსი ადამიანის სულიერ გაძლიერებასა და ღმერთთან დაახლოებაში მდგომარეობს, რაც მხოლოდ საკვების შეზღუდვას არ ნიშნავს. ამ პერიოდში თქვენ უფრო ხშირად უნდა ილოცოთ, დაესწროთ ეკლესიურ მსახურებას, თავი შეიკავოთ მავნე ჩვევებისაგან (სპირტიანი სასმელების ხშირად მიღება, სიგარეტის მოწევა, ბილწსიტყვაობა და სხვა) და გასართობი ღონისძიებებისგან (სხვადასხვა თამაშები, სანახაობა, ცეკვები და სხვა). თუ მკაცრ მარხვას იცავთ, თავი უნდა შეიკავოთ კინოში, კონცერტებზე და წვეულებებზე სიარულისგან.
შეეცადეთ საკუთარ სულში არ დაუშვათ სიბრაზე, მრისხანება და ყველაზე მთავარი – იპოვეთ გაჭირვებული ხალხისათვის დახმარების აღმოჩენის გზა. ეკლესია დიდ ცოდვად მიიჩნევს სიზარმაცესა და 6 დღის განმავლობაში მუშაობაზე უარის თქმას.
მარხვის დღეებში აუცილებელია ინტიმური კავშირებზე უარის თქმა. ამ დროს არ ტარდება ჯვრისწერა.