მე არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება - ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ის ნოემბრის არჩევნებში არ გაიმარჯვებს, „სისხლის ნიაღვარი“ დადგება. ამის შესახებ მან ოჰაიოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ომის გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრობდა.
„ახლა თუ მე არ ამირჩევენ, ყველასთვის სისხლის ნიაღვარი დადგება, ეს ყველაზე მცირე იქნება. დადგება სისხლის ნიაღვარი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდება.
ტრამპის განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში გამოეხმაურნენ და მას 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმი შეახსენეს.
„აი, ვინ არის დონალდ ტრამპი: „ლუზერი“, რომელიც მარცხდება 7 მილიონზე მეტი ხმით და იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ფართო აუდიტორიას, აძლიერებს პოლიტიკური ძალადობის მუქარებს. მას მორიგი 6 იანვარი სურს, თუმცა ამერიკელი ხალხი ამ წლის ნოემბერში მორიგი დამარცხებით უპასუხებს, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, მის მიდრეკილებას ძალადობისკენ და შურისძიების წყურვილს“, – განაცხადა მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, ჯეიმს სინგერმა.