ქალმა ნიანგს თავში ხის მორი ჩაარტყა და სანახევროდ გადაყლაპული ქმარი დააგდებინა
სამხრეთ აფრიკაში ოთხმეტრიანი ნიანგი მეთევზეს თავს დაესხა. მამაკაცი, რომელიც ნიანგმა სანახევროდ გადაყლაპა, სიკვდილისგან ცოლმა იხსნა - ამის შესახებ Daily Mirror წერს.
37 წლის ენტონი ჟუბერტმა და მისმა მენეჯერმა, 36 წლის იოჰან ვან დერ კოლფმა რამდენიმე დღით ფერმა იქირავეს, რომ შაბათ-კვირას ტბაზე თევზი დაეჭირათ და მცირე წვეულება მოეწყოთ. ენტონის ანკესი წყალში მცენარეს გამოედო და მამაკაცი მის ამოსაღებად ტბაში ჩავიდა. ამ დროს მას მოულოდნელად თავს უზარმაზარი ნიანგი დაესხა, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელოდა. "მისი კბილების და ბოროტი თვალების გარდა ვერაფერს ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ ჩემი სიცოცხლე დასრულდა", - იხსენებს ჟუბერტი.
მამაკაცს გაახსენდა, რომ ასეთ დროს ნიანგის თვალებზე დაწოლას ურჩევენ და ასეც მოიქცა, მაგრამ ნიანგმა საპასუხოდ ნაჭრის თოჯინასავით გაიქნია. საბედნიეროდ, ჟუბერტის ცოლი და მენეჯერი არ დაბნეულან. ერთმა ნიანგის პირში წელამდე მყოფ მამაკაცს ქამარში ხელი ჩაავლო და ნაპირისკენ მოქაჩა, მეორენ კი ნიანგს თავში ხის უზარმაზარ მორი ჩაარტყა.
„სრულიად შოკირებული ვიყავი. ჩემი ქმარი თითქმის მთლიანად ნიანგის პირში იყო, მხოლოდ ფეხები ჩანდა. დიდი მორი ავიღე და ნიანგს თავზე გამეტებით დავუშინე“ - იხსენებს ჟუბერტის ცოლი.
ნიანგმა, რომელიც ასეთ შეტევას არ ელოდა, უკან დაიხია და მამაგაცი ნაპირზე დატოვა. დაჭრილს იარები შეუხვიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მალე საავადმყოფოდან გაეწერება.