"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და?
როგორც ცნობილია, 1-ლ მარტს, მკვლელი ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი კიდევ ერთი ახალგაზრდა გახდა. 22 წლის არჩილ ბარდაველიძე თერჯოლის სოფელ ბარდუბანში საკუთარ სახლში, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. მასთან ერთად იმ დღეს მის სახლში სტუმრად იყო მისი მეგობარი გოგონა, ანა გუდავა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ წყვილმა ნარკოტიკი ერთად მოიხმარა, დილას გაღვიძებულ ანას უგონო მდგომარეობაში დახვდა აჩი. როგორც ჩანს, გოგონა ჯერ თავად შეეცადა მის მოსულიერებას, მაგრამ რომ ვერ უშველა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იქ მისულ ექიმებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან აიყვანა 20 წლის ანა გუდავა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ გუდავას ქალიშვილია.
მას შემდეგ, რაც ფაქტი გახმაურდა, 5 მარტს თამარ გუდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა. "მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან". მისი განცხადება მეორე დღესვე დააკმაყოფილა ხელმძღვანელობამ. თავად თამარ გუდავა ამ ამბის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა. ბევრჯერ ვცადეთ ჩვენც მასთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურის განცხადებით ირკვევა, რომ არჩილი და ანა, სანამ თავად მოიხმარდნენ, მანამდე ნარკოტიკის რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები. მათ სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკები ერთად დადეს, ამის შემდეგ ბარდუბანში დაბრუნდნენ და მოიხმარეს ეს ნივთიერება. "გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ლ მარტს ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. ლოკაციებზე განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი), რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. ლოკაციებიდან ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ითქვა ისიც, რომ დაკავებული გოგონა ბრალს აღიარებდა. ის ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. დაკავებული გოგონას უმკაცრესად დასჯას ითხოვენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ირწმუნებიან, რომ სწორედ მან ჩამოიტანა თბილისიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი. თუმცა, როგორც ჩანს, თავის ჩვენებაში ამას არ ამბობს ბრალდებული. საქმის პროკურორის თქმით, სოფელ ბარდუბანში გუდავა არჩილ ბარდაველიძის თხოვნით ჩავიდა. "ბარდაველიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ანა გუდავას. უთხრა, რომ მისთვის კარგი სიახლეები ჰქონდა და ჩასვლა სთხოვა სოფელ ბარდუბანში. ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რადგან ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და გარდაცვლილთან ერთად არაერთხელ მოიხმარა, მიხვდა, რომ სიახლეში მან ნარკოტიკული ნივთიერება იგულისხმა. ამიტომაც ჩავიდა მათთან სახლში სტუმრად. ბრალდებული იმასაც აცხადებს, რომ გარდაცვლილმა უთხრა, მას ჰქონდა გარკვეული პარტია მეტადონის, ფუძის, რომელიც უნდა განეთავსებინა სხვადასხვა ლოკაციაზე, რაშიც ისინი სარგებელს მიიღებდნენ. სარგებელი მისი თქმით, იყო ის, რომ მათ უფასოდ ექნებოდათ ნარკოტიკული საშუალება. ორივე ნარკოტიკის მომხმარებელი იყვნენ. როგორც ბრალდებულმა პოლიციელებს განუმარტა, ერთად დააფასოეს ის ნარკოტიკული საშუალებები, რაც ბარდაველიძეს სახლში ჰქონდა", - აცხადებს საქმის პროკურორი. ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით, პროკურორი დარწმუნებით ამბობს, რომ ეს ნივთიერება სახლში გუდავას არჩილ ბარდაველიძემ დაახვედრა. მისი თქმით, საქმეში დევს მათი სატელეფონო მიმოწერებიც. "გარდაცვლილს სახლში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და ის წინადადებას აძლევს ბრალდებულს, რომ დაეხმაროს დაფასოებაში. სახლში ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სასწორი, წებოვანი ლენტი, რომლითაც ხდება ამ ნივთიერებების გასაღება. თანხმდება ამას ბრალდებული. იმავე საღამოს დაბინდებულზე დებენ 24 პაკეტს სამტრედიის სოფელში, კონკრეტულ ლოკაციებზე. მათ კუთვნილ მობილურებში კონკრეტულ ლოკაციაზე გადაღებული ფოტოებიც აღმოჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩვენ დადგენილად მიგვაჩნია, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები იყო ამ ოჯახში და ეს დასტურდება ტელეფონში არსებული მასალებითაც... ასევე სახლში, მობილური ტელეფონის ყუთშია ნაპოვნი დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთიერება", - ამბობს საქმის პროკურორი.
არჩილ ბარდაველიძის და ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მათი სახლიდან ამ ტრაგედიის შემდეგ მართლა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ ის ხელს იშვერს ბრალდებულისკენ და აცხადებს, რომ გუდავამ ჩამოიტანა თბილისიდან ეს ნივთიერება. ოჯახი პროკურორის განცხადების მოსმენის შემდეგ თვლის, რომ რადგან გოგონას დედა "ქართული ოცნების" ჩინოსანია, ყველაფრის დაბრალებას გარდაცვლილისთვის აპირებენ, რომ ამ გზით გადაარჩინონ დაკავებული და იხსნან ის უმძიმესი სასჯელისგან.
არჩილ ბარდაველიძის დამ განაცხადა:
- აჩიკო ჩემს ხელში გაიზარდა, მე მასზე 14 წლით უფროსი ვარ. ბათუმში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და სამი წელიწადი ჩემი ძმა ჩვენთან ცხოვრობდა. ისეთი ოჯახი გვქონდა, მართლა წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ჩემი ძმა რესტორანში მუშაობდა. იქაც შეგიძლიათ იკითხოთ, როგორი ადამიანი იყო. ამ ზაფხულს რესტორანში სამუშაოდ ანა გუდავა მივიდა, იქ გაიცნეს ერთმანეთი. ცოტა ხანს იმუშავა ამ გოგომ რესტორანში და მერე თბილისში წავიდა. ჩემი ძმისგან ვიცოდი, რომ მათ უყვარდათ ერთმანეთი. როცა ანა თბილისში წავიდა, იქიდან სულ ურეკავდა და ეუბნებოდა აჩიკოს, რომ ისიც თბილისში გადასულიყო. აქ იმუშავე, უფრო მეტი ხელფასებიაო, მაგრამ რადგან ასაკით პატარა იყო, მე და ჩემი მეუღლე არ ვაძლევდით ბათუმიდან წასვლის უფლებას. ჩემი რიდიც და ხათრიც ჰქონდა აჩიკოს, ამიტომ არ წასულა. რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს ძმას, ანა მოეყვანა ჩვენთან სახლში, მაგრამ არ გაგვაცნო. 16 თებერვალს ჩემთან შეუთანხმებლად წავიდა ჩემი ძმა ბათუმიდან. მერე გავარკვიე, რომ ანასთან ჩავიდა თბილისში. იქ რას აკეთებდნენ, ჩემთვის უცნობია. აჩიკო 23 თებერვალს დაბრუნდა სოფელ ბარდუბანში, სადაც დედა ცხოვრობს და მას ეხმარებოდა საგაზაფხულო სამუშაოებში. რომ ვესაუბრე, მითხრა, - დედას დავეხმარები და ცოტა ხანში ჩამოვალ ბათუმშიო.
- ანა გუდავა ჩვენებაში ამბობს, რომ თქვენს სოფელში აჩიკოს თხოვნით ჩავიდა.
- 1-ლ მარტს ჩამოსულა ანა გუდავა თბილისიდან. აჩიკო მას ქუთაისში დახვედრია და ერთად წასულან სამტრედიაში. სხვადასხვა ლოკაციაზე დადეს ნარკოტიკი, საღამოს 10-ის ნახევარზე კი სახლში დაბრუნდნენ. დედაჩემს მანამდე დაურეკა ჩემმა ძმამ და უთხრა, სტუმარი მომყავსო. დედამ მიიღო ეს გოგო, არაფერი უეჭვია. ჩვეულებრივად შემოვიდა ჩვენს სახლში. დედამაც იცოდა, აჩიკოს ანა რომ უყვარდა. დედა იმ ღამეს მათზე ადრე დაწვა, რადგან მეორე დილით სამსახურში უწევდა წასვლა. მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად, ესენი პირველ სართულზე დარჩნენ, იქ, სადაც საძინებელი ოთახი გვაქვს. დილით რომ ადგა დედაჩემი, ნახა, რომ მისი შვილი საწოლში იწვა, დღისით 2 საათზე კი ეს საშინელი ამბავი გვითხრეს. ძალიან მჭიდრო დასახლებაა ჩვენთან, მაგრამ მეზობლებს არაფერი გაუგიათ მანამ, ვიდრე "სასწრაფო" არ მოვიდა. ამ გოგოს ერთი რომ დაეძახა, მიშველეთო, ყველა გაიგებდა და მიეშველებოდნენ, მაგრამ მას დახმარება არავისთვის უთხოვია. თავდაპირველ ჩვენებაში, რომელიც ანა გუდავამ სამართალდამცავებს მისცა, ეწერა, რომ მან დილით გაიღვიძა 12 საათზე, ჩემს ძმას უყვარდა გულაღმა წოლა, მაგრამ ის იმ დროს პირქვე დამხობილი იყო. დაუძახა აჩიკოს და რომ ვერ გააგონა, გადმოაბრუნა. ანა გუდავამ დაურეკა საერთო მეგობარს, რუსლან აბუსელიძეს, მერე ფოტოები გადაუღო მკვდარს და რუსლანს გაუგზავნა, - რა ვუყო არ ვიციო. რაც ასწავლა იმ მეგობარმა, ის გააკეთა გუდავამ, შეეცადა გამოეყვანა მდგომარეობიდან, სახეში ურტყა ხელები, დაასხა წყალი, რომ გამოეფხიზლებინა. რომ ვნახე, საწოლი სულ სველი იყო. როცა მიხვდა, ვერაფერს უშველიდა, 112-ში დარეკა. იმ დღეს თერჯოლაში რაღაც შემთხვევა მოხდა და ამიტომ ყველა "სასწრაფო" დაკავებული აღმოჩნდა. 112-ის ზარის შემდეგ ქუთაისიდან გამოუშვეს ბრიგადა, რომელიც სამის წუთებზე სოფელში მოვიდა და ექიმმა თქვა, აჩიკო გარდაცვლილიაო. არადა, მეზობლებისთვის რომ დაეძახა, იქნებ დახმარებოდნენ "სასწრაფოს" მოსვლამდე და შეიძლება ჩემი ძმა ცოცხალი ყოფილიყო. მეზობლებიც ამბობდნენ, ჩვენ რომ მივედით და აჩიკოს შევეხეთ, ის ჯერ კიდევ თბილი იყოო. პოლიციაც მოჰყვა "სასწრაფოს". მეზობლებმა გაიგონეს, ანას რომ უთქვამს, ორივემ ერთად მოვიხმარეთ ნარკოტიკიო. თურმე ანა მაშინაც წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და თავს ვერ აკონტროლებდა.
- როგორც პროკურორი ამბობს, ანა თქვენს ძმას გაჰყვა ნარკოტიკის დასადებად სამტრედიაში. ის ამბობს, რომ ნარკოტიკები თქვენი ძმის იყო.
- ეს ტყუილია. ჩემი ძმა იმიტომ იყო ანას გვერდით, რომ მან სთხოვა გაჰყოლოდა სამტრედიაში. ჩემს ძმას სიგარეტის ფული არ ჰქონდა და ამდენ წამალს ვერ იყიდდა. თან ძალიან მშიშარა იყო, ვერც გაბედავდა სახლში ნარკოტიკი მოეტანა. ანას პირველი ჩვენება თუ არ გააქრეს, იქ წერია, რომ ეს ნარკოტიკი ანამ ჩამოიტანა თბილისიდან. ის იყო ზესტაფონის იზოლატორში, ამ ხნის განმავლობაში ოჯახის წევრებს არც მოუკითხავთ, არც მას დაურეკავს მათთვის. ჟურნალისტებმა რომ გაახმაურეს ვისი შვილი იყო დაკავებული, ამის შემდეგ ატყდა ამბავი. ერთ-ერთმა სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო. როგორც კი გახმაურდა ამბავი, ამის შემდეგ გამომძიებელი ისევ მოვიდა ჩვენს სახლში და შვილის სიკვდილით გამწარებულ დედაჩემს უთხრა, თავიდან უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზაო. თითის ანაბეჭდები და ფრჩხილიდან ნიმუშის აღება უნდოდათ, მაგრამ არ მივეცით ამის უფლება. ახლა, როგორც ჩანს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ ძმას გადააბრალონ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ საკადრისად დაისაჯოს დაკავებული. ჩვენ ამ დრომდე არც დავუკითხავვართ.
- პროკურორი ამბობს, მიმოწერებიდან ჩანს, რომ თქვენმა ძმამ დაურეკა გუდავას და ჩამოიყვანა სოფელში.
- ორივეს ტელეფონები წაიღეს პოლიციელებმა. მე არ ვიცი, რა შინაარსის მიმოწერაა მათ შორის, რადგან ამ დრომდე ტელეფონს არავინ გვაძლევს. მე ვიცი, რომ ყველანაირი ნივთმტკიცება, დადებული ნივთიერების ფოტოსურათები ამოღებულია ანას ტელეფონიდან. სახლში, "სამსუნგის" მობილურის ყუთში იპოვეს ნარკოტიკული ნივთიერება. ჩემს ძმას აიფონი ჰქონდა და ის ყუთიც ანა გუდავას ეკუთვნის... პირველი ჩვენება არ გააქრონ, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული. 23 თებერვალს რომ ჩამოვიდა სახლში აჩიკო, იმის მერე არსად წასულა, შინ საქმიანობდა და ამის მოწმეა მთელი სოფელი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ როგორც ჩანს, გუდავამ რუსლანს სთხოვა დახმარება და ის ბიჭი კიდევ ერთ პირთან ერთად იმ დღეს ჩვენს სოფელში ჩამოვიდა. მაღაზიასთან უკითხავს, აჩიკო სად ცხოვრობსო? მაშინ მეზობელს უთქვამს, რომ აჩიკო პროზექტურაში იყო გადასვენებული და ანა გუდავა პოლიციაში წაიყვანეს. მეზობლის კითხვაზე, თქვენ ვინ ხართო? უპასუხიათ, ჩვენ ანას მეგობრები ვართ და ანას წასაყვანად მოვედითო... ჩემს ძმას არაფერი ეშველება, მას ვერავინ გაგვიცოცხლებს და ნეტავ ის იყოს ბოლო, ვინც ნარკოტიკს შეეწირა, მაგრამ ბრალდებულის დედას და ძალოვანებს ვეტყვი, ნუ დააფარებთ ანა გუდავას ხელს. მისნაირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რომ სხვა ადამიანები არ გაუბედურდნენ.
იმ ფონზე, როცა ამხელა ბრალდებები ისმის დაკავებული ანა გუდავას მისამართით, კარგი იქნებოდა მათი ოჯახის პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ოჯახთან დაახლოებულმა პირმა გვითხრა, რომ ისინი მომავალში ისაუბრებენ. ერთ-ერთმა ახლობელმა დანანებით ისიც თქვა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს ანა გუდავას. ის მართლა მაქსიმუმს აკეთებდა, შვილი სწორს გზაზე რომ დაეყენებინაო. თამარ გუდავას ანა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მას ჰყავს ასევე მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი. ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ დასა და დედასთან ანას კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
სამწუხაროა, რომ წლების მანძილზე ვერ მოგვარდა ქვეყანაში ეს პრობლემა და ამას ეწირებიან ახალგაზრდები. ინტერნეტით ისევ თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი. სქემა უცვლელია, ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე დებენ ნარკოტიკს, "გუგლის" მეშვეობით უგდებენ ლოკაციის ადგილს და ფოტოს მომხმარებელს. ნარკომანიის მწვავე პრობლემაზე მუდმივად საუბრობენ ნარკოლოგები. რაც ყველაზე საგანგაშოა, ბაზარზე საეჭვო შემადგენლობის, დაბინძურებული ნარკოტიკებია და ამიტომ მუდმივად მოუწოდებენ მომხმარებლებს, რომ ქუჩაში ნაყიდი ნარკოტიკი შემოწმების გარეშე არ მოიხმარონ, რადგან ის ძალიან საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. ხშირად გაყიდულ ნივთიერებაში გარეულია ფენტალინი, ე.წ. სინთეზური ოპიოდური ანალგეტიკი, რომელიც იწვევს ძილიანობას, მოდუნებას, სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მანდალაც" მუდმივად მოუწოდებს ნარკომომხმარებლებს, მივიდნენ მათთან, წაიღონ ტესტერები და სანამ მოიხმარენ ნივთიერებას, შეამოწმონ. ისინი თავიანთ ბენეფიციარებს ატანენ ნარკანს, რომელიც ზედოზირებისგან ადამიანს გადაარჩენს.
ხშირად ხდება "ემდეემაში" გარეული ფენტალინი ბაზარზე. ის არ გაძინებს, ენერგიას გაძლევს, მთელი ღამე ცეკვავენ, მაგრამ როდესაც "ემდეემა" წყვეტს მოქმედებას, როდესაც ორგანიზმში მასტიმულირებელი ელემენტი აღარ არის, მაშინ ძლიერდება ფენტალინი. ადამიანი სახლში მისული იძინებს და ვეღარ იღვიძებს, სუნთქვა უჩერდება.
ამ კვირაში გამოვლენილი ნარკორეალიზაციის ფაქტებიც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები დიდი რაოდენობით იყიდება. გასულ კვირას ძალოვანებმა არაერთი ადამიანი დააკავეს როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
მდგომარეობა მართლა საგანგაშოა. სპეციალისტების თქმით, ადრე პირდაპირ რეალიზატორთან მიდიოდა მომხმარებელი და მათ ადვილად ავლენდნენ, ახლა ისინი ძირითადად ინტერნეტით იყიდება.