თეგებით ძიება

ოთხი თილისმა სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად - ფენ-შუი

უძველესი ჩინური მეცნიერების - ფენ-შუის მთავარი მიზანი სივრცისა და ენერგიის ურთიერთქმედებით ჰარმონიული გარემოს შექმნაა, რომლის გაძლიერებას პირველ რიგში თილისმების გამოყენებით ცდილობს, რადგან სწორედ სიმბოლურ ფიგურებს მიიჩნევს კეთილდღეობის აქტივიზატორად ანუ ერთგვარ მაგნიტად, რომელიც  „ცი“-ს დადებით ენერგიებს იზიდავს.  

რა თქმა უნდა, არ ღირს სახლში თილისმების მუზეუმის მოწყობა, თუმცა რამდენიმე ფიგურის შეძენა მაინც საჭირო და ძალიან სასარგებლოა, მით უფრო, ჩინელების მტკიცებით, გონივრულად შერჩეულ და განთავსებულ თილისმებს მართლაც ჯადოსნური ეფექტი აქვთ. თუმცა, ფიგურების დაბინავებამდე აუცილებელია ბინის გულდასმით დალაგება და ძველი, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, რათა მთელი სიმძლავრით გააქტიურდეს პოზიტიური ენერგია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ თილისმის შერჩევისას მხოლოდ ის ფიგურები უნდა შეიძინოთ, რომლებიც არა მხოლოდ სიმბოლიკითა და მნიშვნელობით, არამედ ვიზუალურადაც მოგხიბლავენ, რადგან ნაკლებად მიმზიდველ თილისმას ეფექტიც ნეგატიური აქვს. 

დრაკონი

დრაკონი, რომელსაც თათებში სიბრძნის მარგალიტი უჭირავს, სრულ ჰარმონიას, სიბრძნეს, დიდებულებას განასახიერებს და ფენ-შუის უძლიერეს სიმბოლოდ ითვლება, რადგან სწორედ მისი სუნთქვით იბადება „ცი“-ს სასიცოცხლო ენერგია. ამასთანავე, მისტიკური არსება, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ზრდასა და ახალ წამოწყებებს განასახიერებს, „იან“-ის მკაფიოდ გამოხატული ენერგიის მატარებელია და მეტწილად ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მფარველობს.  

დრაკონი ხელს უწყობს კარიერულ ზრდასა და  წარმატებას ბიზნესში, უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას და იცავს მის მფლობელებს კონკურენტებისგან, არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისა და ნეგატიური ადამიანებისგან. 

დრაკონის ფიგურის მოთავსება ბინის აღმოსავლეთ ზონაშია რეკომენდირებული. სასიკეთოა, მისი პოსტამენტზე ან მცირე შემაღლებაზე დადგმა, თუმცა არ ღირს ოჯახის უფროსის თავს მაღლა მოთავსება, რადგან ამ შემთხვევაში სწორედ ის გახდება დომინანტი. არაა რეკომენდებული დრაკონის, როგორც აქტიური ენერგეტიკული ველის შემქმნელის და „იან“-ის ენერგიის მატარებელი ცხოველის საძინებელში დაბრძანება, რადგან საძინებელი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, რაც წარმოუდგენელია „იან“-ის ძლიერი და აქტიური ენერგიების გავლენით.   

ამასთანავე, აუცილებელია თილისმის „გამოღვიძება“ თვალების ახელის მარტივი რიტუალით. დრაკონის დღეს, რომელიც ჩინური კალენდრით 20-25 აპრილს აღინიშნება, დილის 7-დან 9 საათამდე, როცა ცხოველი განსაკუთრებით აქტიურია, ახალი ფუნჯითა და მელნით დაუსვით წერტილები თვალებზე, რათა უკეთ დაგინახოთ და გაგიცნოთ.

ბარაქის ბაყაყი

ბაყაყი სამი თათითა და პირში მონეტით - დიდი წარმატების და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა. მართალია, საუკეთესო ადგილი მის დასაბინავებლად ბინაში შესასვლელი კარია, მაგრამ ფანჯრის რაფასა და ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში ანუ სიმდიდრის ზონაშიც შეიძლება მოთავსება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფანჯარაზე დაბრძანებული ბაყაყი აუცილებლად ოთახისკენ უნდა იყურებოდეს და არა ქუჩისკენ, რადგან ამგვარ პოზაში ის მხოლოდ გარეთ გაიტანს თქვენს ქონებას და ფინანსურ კეთილდღეობას. 

აღსანიშნავია, რომ ბაყაყს სიმაღლის ეშინია, ამიტომ დაბალ თაროზე ან იატაკზე, მცირე პოსტამენტზე მოთავსებული უფრო მეტ სიკეთეს მოიტანს, მაქსიმალური სარგებლისთვის კი, შეარჩიეთ ბაყაყი, რომელიც მონეტების გროვაზე იქნება შემომჯდარი, პირში კი ჩინური მონეტა ექნება ზედა მხარეზე გამოსახული იეროგლიფით. 

სპილო

სპილოს ფიგურა, რომელიც სტაბილურობას, ოჯახურ სიმტკიცეს განასახიერებს და წარმატებას იზიდავს, ფანჯრის რაფაზე უნდა მოათავსოთ აუცილებლად მაღლა აწეული ხორთუმით ქუჩისკენ. თუმცა, სიკეთის მომტანია უძლეველი ცხოველის დაბრძანება ოთახის როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ (სიმდიდრისა და კეთილდღეობის), ისე ჩრდილო-დასავლეთ სექტორშიც, რათა მაქსიმალურად გააძლიეროთ გავლენიანი და შეძლებული მფარველების ზონა. სხვათა შორის, დინჯი და აუჩქარებელი ცხოველი საგრძნობლად ამცირებს უსარგებლო ხარჯს და დადებითად ზემოქმედებს იმ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან უყვართ ფულის ფლანგვა და უაზროდ ხარჯვა.

კუ

კუ

კუ - ერთის მხრივ, ზეციურ მფარველობას და მხარდაჭერას, მეორეს მხრივ, სიბრძნეს, დღეგრძელობას და წინსვლას, დაუღალავ შრომას და ღირსეულ ანაზღაურებას განასახიერებს. შავი კუს თილისმა - იღბალს და პროფესიონალურ წარმატებას, შემოსავლის და ცხოვრების დონის სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს, ერთმანეთზე შემდგარი სამი კუ კი, სამი თაობის კეთილდღეობას სიმბოლიზირებს და განსაკუთრებით იმ ოჯახებს გამოადგებათ, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს.

თილისმის შერჩევისას უმჯობესია შეიძინოთ ბრინჯაოსფერი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფიგურა, რომელსაც ოთახის ჩრდილოეთ ნაწილში მოათავსებთ მცენარეებთან ან წყლით სავსე პატარა თასთან ერთად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საძინებელში კატეგორიულად იკრძალება წყლის თილისმების დაბინავება, რადგან სიკეთის ნაცვლად მხოლოდ უსიამოვნებები მოაქვთ.  

წყარო: „იმედინიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა