მშობლები ვაუჩერებით უნდა წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა - ბოკერია საპატრიარქოზე
დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებისათვის გამოყოფილი დაფინანსება 30 მილიონიდან 35 მილიონ ლარამდე იზრდება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
"ის რესურსები, რომელიც გადასახადების გადამხდელების, ანუ ჩვენი მოქალაქეების შრომით იქმნება და ბიუჯეტშია დღეს მოხვედრილი უნდა დარჩეს მოქალაქეებს. ფულს მთავრობა საპატრიარქოს ან ნებისმიერ ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და მშობლები წყვეტდნენ, რომელ სკოლაში უნდათ წასვლა და რომელში არა. სახელმწიფოს ფუნქცია აქ მხოლოდ მინიმალური ზღვრის დაცვა უნდა იყოს, რომ ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ და ამის მერე, მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელ სკოლაში და რა ტიპის რელიგიურ ორგანიზაციასთან იყოს მათი შვილი განათლების დროს დაკავშირებული. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც მთავრობის ხელში რჩება, არის ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ თვალსაზრისით, სწორედ საპატრიარქოსთან მიმართებით არის ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი და სკანდალური ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ინტერნატში ჰყავდათ." - ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია.