ისრაელი საქართველოდან შეტანილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს
ისრაელის მედიის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების ორი კლინიკის თანამშრომლებმა საქართველოდან თელ-ავივში გენეტიკური დეფექტის მქონე ემბრიონები შეიტანეს.
ისრაელის მედიის თანახმად, გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ორი ექიმი დააკავეს, ერთი მათგანი ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმია, ხოლო მეორე თელ-ავივის ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
მედიის ცნობით, 18 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება თაღლითობისა და მძიმე დაავადების გავრცელების მუხლით დაიწყო.
დაკავებულმა ექიმებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ ემბრიონები ჰემოფილია B-ის გენს შეიცავდნენ, თუმცა, საქართველოდან შეტანილი ემბრიონები რამდენიმე ისრაელელი ქალის საშვილოსნოში მაინც გადაიტანეს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის, საჩივარი პოლიციაში ოთხმა დაზარალებულმა ქალმა შეიტანა, რომელთაგან ერთ-ერთს ჰემოფილიით დაავადებული ბავშვი ეყოლა, მეორემ კი 20 კვირის ორსულმა მკვდარი ნაყოფი გააჩინა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროში შიდა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.
ჰემოფილია B არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც სისხლის შედედების პროცესი შენელებულია საკმარისი შემადედებელი ცილების (შედედების ფაქტორების) არ არსებობის გამო.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოშიც და ისრაელშიც პასუხისმგებელმა პირებმა იცოდნენ ემბრიონების დეფექტების შესახებ.
ბრალდებულების ადვოკატების მიხედვით, ექიმებმა ჩაატარეს ყველა საჭირო გამოკვლევა რაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებულია ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის შესრულებისას.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს კლინიკიდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპორტი.
საქართველოს პროკურატურამ დღეს, 20 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
"სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.