თეგებით ძიება

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა

19 მარტს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში „ნოვრუზ ბაირამისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „ქოსა-ქეჩალის” თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონა, გასართობი შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.

„განახლების, ახალი საწყისის და იმედის დღესასწაულს - „ნოვრუზ ბაირამს“ ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.

მათივე განმარტებით, „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც სიმბოლურად კოცონის ანთების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, სამუსიკო სკოლებისა და აფიკ ნოვრუზოვის კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი“ საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა