თეგებით ძიება
21. 03. 2024 სპორტი

გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, ფეხბურთის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება - მერია

საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური ფანზონა მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება.

„დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღეა. „დინამო არენაზე“ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრები ბილეთის ყიდვა, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი და ფანზონები მოვაწყოთ. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე კვების ობიექტები და საქართველოს ნაკრების ფანშოპი განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.

„მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. ყველა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა. მინდვრის ყველა მონაკვეთზე, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე მიღწეულ გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს. ამ შემართებით, სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით, დღეს საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მომავალს სჭირდება. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არ მომეცა საშუალება, რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა დღევანდელ ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩს დღეს, ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სპეციალურ ფანზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა