თეგებით ძიება

„დამათვალიერეს, ჩანთა დამითვალიერეს... 90-იანები გამახსენდა“ - რას წერს არჩილ გამზარდია?

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„ვდგავარ გაჩერებაზე, ველოდები ავტობუსს. შემიჩერა მანქანამ. ჩვეულებრივი, სამოქალაქო ავტომობილი. 

"უკაცრავად, შეიძლება?" - ფანჯრიდან მეკითხება მგზავრი. 

ვიფიქრე, მისამართის დადგენა უნდა-თქო, დიახ, რითი დაგეხმაროთ?- ვეკითხები.

გადმოვიდა მგზავრი. მძღოლიც. მანქანის სავარძელზე ქურთუკი შევამჩნიე პოლიციელის.

ერთი წამით გვერდით გადავიდეთო.

კარგი, მეთქი.

- რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ხომ არ ატარებთ?

- ვტოვებ მსგავს შთაბეჭდილებას? - ჩავეკითხე.

გაატარეს.

- თუ შეიძლება, გარეგან დათვალიერებას ჩაგიტარებთ.

გამომართვეს პირადობის მოწმობა.

მოკლედ, დამათვალიერეს, ჩანთა დამითვალიერეს. წინა დღეებში კალამს ვეძებდი ჩანთაში, ვერ ვნახე და მათ იპოვნეს (მადლობა). ფოტო გადამიღეს ანუ "დამაიდენტიფიცირეს" და ეგრევე დამემშვიდობნენ ბოდიშის მოხდით. 

მთელი ეს პროცესი უცნაურად მეღიმებოდა, რადგან 90-იანები გამახსენა, ისე რომ გაჩერებდნენ მილიციელები, არც თავს წარგიდგენდნენ, არც მოტივს გისახელებდნენ, არც დათვალიერება-ჩხრეკას იღებდნენ და მოკლედ, ეს სიბერისკენ მიმავალი კაცი მომენტალურად სტუდენტური ასაკის შეგრძნებებში გამხვიეს. ამაშიც მადლობა მათ.

ორჯერ ვკითხე, რითი დავტოვე საეჭვო ადამიანის შთაბეჭდილება, მაგრამ უპასუხოდ.

ერთადერთი ცუდი ის იყო, რომ ამასობაში ჩემმა ავტობუსმა ამაყად ჩაიარა და მერე სირბილით ვიარე, ორმაგი გადაჯდომა-გადმოჯდომით, უნივერსიტეტში რომ დროზე მოვსულიყავი, საბედნიეროდ, არ დამიგვიანია სტუდენტებთან.

უნივერსიტეტში, სარკეში ჩავიხედე, მაინც ვერ მივხვდი, საეჭვო იერი რის გამო მაქვს.

იმედია, მათ გადაღებულ ფოტოში კარგად გამოვედი, თუ არა და მითხრან, უკეთესებს გავუგზავნი.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა