ტრაგედიის ადგილი ახლა - როგორ გამოიყურება "კროკუს სითი ჰოლი", სადაც ტერორისტებმა მასობრივი ხოცვა მოაწყვეს? (ფოტოები)
გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. მომხდარის შემდეგ ხანძრის ჩაქრობა და ნანგრევების გატანა გრძელდება. ტრაგედიის ადგილზე 500-მდე ადამიანი მუშაობს.
მოსკოვის რეგიონის მერიამ გამოაქვეყნა მაშველების მიერ გადაღებული ფოტოები Crocus City Hall-ში. ამ დროისთვის კომპლექსში ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს დამწვარი ნაგებობების ლიკვიდაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას კიდევ ორ საათამდე დასჭირდება.
მაშველები საკონცერტო დარბაზში შევიდნენ, რომელიც ხანძრის ეპიცენტრი გახდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ აქ ტერორისტები უაზროდ ესროდნენ ხალხს და რამდენიმე მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. ხანძარი სავარაუდოდ, ამიტომ გაჩნდა.
ცნობილია, რომ ტერაქტის ზოგიერთი მსხვერპლი ხანძრის შედეგად დაიღუპა და არა ტერორისტების ტყვიებისგან. ტუალეტებში ათზე მეტი ცხედარი იპოვეს. ხალხი სროლისგან დამალვას ცდილობდა და ბოლოს, სავარაუდოდ, კვამლმა დაახრჩო.
ხანძრის შედეგად საკონცერტო დარბაზის სახურავი ჩამოინგრა. ფოტოებზე ჩანს დანგრეული კედლები, გატეხილი მინა, ჭვარტლით გაშავებული იატაკი და ავეჯის ნაწილები.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტერაქტს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს), მათ შორის სამი ბავშვი. კიდევ 60 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. მოსკოვის საავადმყოფოებში ამჟამად 115 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 5 ბავშვია.